2022 წლის 5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი ხათუნა თოდაძე, კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ავალიანი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნუცა ჭიპაშვილი და თსსუ-ში ERASMUS+ პროექტების კოორდინატორი ნინო კანდელაკი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სანტიაგო დე კომპოსტელას (ესპანეთი) უნივერსიტეტში პედაგოგთა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ვიზიტი განხორციელდა ერაზმუს+ ის პროექტის – "პაციენტთა მოვლის ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში სიმულაციების დანერგვა" (SAFEMED+) გრანტის (პროექტის ნომერი 618812-EPP-1-2020-1-GE-CBHE-JPOSCE) ფარგლებში.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალი გაიმართა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინისა და ქრონიკული დაავადებების სამეცნიერო ცენტრში, სადაც მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა პროფესორმა მარია ხოსე ლოპეზ კოუსომ, პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტიდან პროფესორმა ვიქტორ არჩემ და პროექტის კოორდინატორმა ია ავალიანმა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდნენ: სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, სამედიცინო ფიზიოლოგიის მიმართულების პროფესორი ვიქტორ არჩე, პროფესორი სერხიო ცინზასი და პროფესორი ალვარო ჰერმიდასი. შეხვედრებზე განხილული იქნა კომპიუტერიზებული OSCE-ის, გამოცდის კლინიკურ გარემოში ჩატარების/მოწყობის, გამოცდის შემდგომი ანალიზის, ხარისხობრივი შეფასების საკითხები და პროექტის შემდგომი დისემინაციის აქტივობები.
თსსუ-ის დელეგაციის წევრები, ასევე, დაესწრნენ სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში დამამთავრებელი OSCE-ის გამოცდის მომზადების და ჩატარების პროცესს. საგამოცდო დავალებები მოიცავდა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, პედიატრიული და გინეკოლოგიური პაციენტის დიაგნოსტირებას, ტრავმის დროს პირველ დახმარებას, ნაკერის დადებას და სხვ. აღსანიშნავია, რომ გამოცდის მსვლელობისას თითქმის ყველა სადგურზე ხდებოდა ჰიბრიდული საგამოცდო დავალებების შესრულება. დავალებების შესაბამისად სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მათ მიერ ხდებოდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების შედეგების ანალიზი.
მნიშვენლოვანი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლმების მქონე სტანდარტულ პაციენტთან კომუნიკაცია, აღნიშნული საგამოცდო სადგური დაკავშირებული იყო მეორე სადგურთან, სადაც სტუდენტს ევალებოდა ფსქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტის შესახებ დასკვნის დაწერა სათანადო რეკომენდაციებით.
ვიზიტის დასრულებისას პროექტის მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები OSCE-ის შესახებ გამოხატეს მზაობა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის გამოცდილების აქტიური გაზიარების შესახებ.