2022 წლის 25 ივნისს სტომატოლოგიის ფაკულტეტზე პირველად
ჩატარდა ინტეგრირებული, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა. სტუდენტთა ცოდნის
შეფასების ეს მეთოდი წელს, პილოტურ რეჟიმში იქნა გამოყენებული და მის შედეგებს სტუდენტთა
აკადემიურ მიღწევებზე გავლენა არ მოუხდენია. ამ დღისკენ ფაკულტეტის დეპარტამენტები
დიდი ხანია მიიწევდნენ. ოდონტოლოგიის დეპარტამენტში 2009 წლიდან წარმატებით განხორციელებული
გამოცდის ეს ფორმა, ყველა დეპარტამენტისთვის მისაღები და რაც მთავარია სტუდენტთა უნარების
შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად იქნა აღიარებული. სწორედ ამიტომ, თითოეული
მათგანი აქტიურად ჩაება საგამოცდო სადგურების მომზადების, შეფასების კრიტერიუმთა შემუშავების,
შემფასებელთა ტრენინგისა და სტანდარტიზებულ პაციენტებთან მუშაობის საკმაოდ შრომატევად
პროცესში.
ინტეგრირებულ
OSCE-ზე X სემესტრის 45 სტუდენტი გამოვიდა. გამოცდის მასპინძელი
თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა იყო. 17 საგამოცდო სადგური
სტუდენტთა გადაადგილებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად იყო განთავსებული და ამასთანავე
კარგად აღჭურვილი, რაც სტუდენტს საუკეთესო საშუალებას აძლევდა გამოევლინა პრაქტიკულ-კლინიკური,
ანალიტიკური, კლინიკური აზროვნების, კომუნიკაციის და სხვა უნარები.
ინტეგრირებულ
გამოცდას დაესწრნენ და მისი მსვლელობის პროცესს აკვირდებოდნენ: თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი ხათუნა
თოდაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე,
სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის
უფროსი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული
პროფესორი ნანა ყიფიანი, დეკანის მოადგილე, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი და სტომატოლოგიის
ფაკულტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.