კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლიეტუვა) და პიზას უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 19 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლიეტუვა) ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი განათლების ხარისხის ექსპერტი რემიგიუს კინდერისი და პიზას უნივერსიტეტის (იტალია) საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების კოორდინატორი ანამარია პულინა.

შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა ERASMUS+-ის საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ERASMUS+-ის ფარგლებში  კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა კიდევ ორი წლის გრანტი მოიპოვა და თანამშრომლობაც წარმატებით გაგრძელდა. 

გასული 5 წლის განმავლობაში, პიზას უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი; გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა დაიგეგმა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც.

ბატონმა რემიგიუს კინდერისმა და ქალბატონმა ანამარია პულინამ დაათვალიერეს ის სივრცეები, სადაც თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები და მაგისტრანტები ეუფლებიან ცოდნას, მათ შორის: თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი, თსსუ-ის  სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი; კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის  მოზრდილთა და ბავშვთა დეპარტამენტები;  ადაპტირებული და დამხმარე საშუალებების ლაბორატორია. შეხვედრები ჰქონდათ: თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ლელა მასხულიასთან; კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორთან, თსსუ-ის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან;  თსსუ-ის  სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორთან, ვალერი ახალკაცთან; კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ირმა მანჯავიძესთან და ERASMUS +-ის კოორდინატორთან, ნინო კანდელაკთან.

სტუმრები, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტში მიმდინარე OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) საგამოცდო პროცესს დაესწრნენ. 

როგორც მათ აღნიშნეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მათზე და თანამშრომლობის მომავალი გაღრმავების მოტივაცია  უფრო განამტკიცა. “იმედია, სულ მალე კიდევ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ პარტნიორი უნივერსიტეტები ერთმანეთს ERASMUS +-ის ფარგლებში თანამშრომლობისას”, - აღნიშნეს მათ. 

ამჟამად  პიზას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით თსსუ-ის 5 სტუდენტი,  კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში კი - 3 სტუდენტი იმყოფება.