ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის OSCE-ის საგამოცდო პროცესს დაესწრნენ

2022 წლის 19 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (სომხეთი) დელეგაცია: მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი რაფაელ მესროპიანი; რევმატოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნიკოლაი იეღიზარიანი;  სიმულაციების ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი სურენ ჰოვჰანისიანი; მეანობისა და გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ჰასმიკ ბარეღამიანი; გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის დეპარტამენტის  ასისტენტ-პროფესორი ანნა ჰაზოიანი; კარდიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი არმენ ორდიანი და ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი არამ მირიჯანიანი.

სტუმრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტში მიმდინარე OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) საგამოცდო პროცესს დაესწრნენ. 

გამოცდის დაწყებამდე ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესაუბრნენ თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს, რომლისგანაც  მოისმინეს დეტალური ინფორმაცია  OSCE-ის მომზადების, ორგანიზებისა და ეფექტური ჩატარების შესახებ. „მიღებული ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის“, - აღნიშნეს სტუმრებმა. 

OSCE-ის გამოცდის დასრულების შემდეგ, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს მიღებული ინფორმაციისა და გამოცდილების გამო და მაღალი შეფასება მისცეს თსსუ-ში დანერგილ სწავლების მეთოდებსა და საგამოცდო პროცესს. 

ვიზიტი განხორციელდა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. ერევნელი სტუმრების მიზანი გახლდათ თსსუ-ის გამოცდილების გაზიარება ისეთი მნიშვნელოვანი  პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში, როგორიცაა OSCE-ის გამოცდა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 7 ივლისს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) საგამოცდო პროცესის დაგეგმვის და მიმდინარეობის შესახებ გამოცდილების მისაღებად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ოდონტოლოგიის დეპარტამენტს სტუმრობდნენ.