ემორი-საქართველოს სუფთა ჰაერის კვლევით-საგანმანათლებლო პროექტ ,,CARE/ZRUNVA”-ს ფარგლებში 2022 წლის 21-23 ივლისს, გაიმართა გასვლითი სხდომა რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი საერთაშორისო სპეციალისტები, თსსუ-ის დოქტორანტები და მაგისტრანტები.
პროექტი ,,CARE/ZRUNVA” ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე და მიზნად ისახავს საქართველოში არაგადამდებ დაავადებებთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების შესაძლებლობების განვითარებას ტრენინგის, სწავლების და პრაქტიკის გზით. პროექტის ფარგლბში მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტების დაფინანსება და სწავლება. აღსანიშნავია, რომ პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შერჩეული სტუდენტების გამგზავრებას ემორისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებში, სადაც ისინი სხვადასხვა სასწავლო მოდულებს გაივლიან.
შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა პროექტის განმახორციელებელ საერთაშორისო სპეციალისტებს: ასოცირებულ-პროფესორ კარლა ბერგს (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ასოცირებულ-პროფესორ მაიკლ ქოდლის (ემორის უნივერსიტეტი, აშშ) და ასოცირებულ პროფესორ ზიად კაზის (ემორის უნივერსიტეტი, აშშ) წარუდგინეს პრეზენტაციები კვლევის მიმდინარების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებამ, ასევე, მოისმინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორ გივი ჯავაშვილის და საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორის ლევან მეტრეველის ლექციები.
ღონისძიებაზე, დაისახა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.