თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირებაზე ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, თსსუ-ში ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: მიქაელა ფუქსი, ოლივერ ელიას ფუქსი და დრექსელ ჯულიუს ჯაკობი იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა სტაჟირების ეტაპები თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში და პედიატრიის დეპარტამენტში გაიარეს. 

„განსხვავებული მიდგომებია და ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები სამედიცინო მანიპულაციებს. ვესწრები ოპერაციებს და ვასრულებ ასისტენტის მოვალეობას. დიდი გამოცდილება მივიღე“, - განაცხადა ოლივერ ელიას ფუქსმა.

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი, მიქაელა ფუქსი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამ განსაკუთრებული უნარები შესძინა.

„საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამ განსაკუთრებული უნარები შემძინა, რაც ძალიან დამეხმარება წარმატებულად გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ ძალიან კარგი პროფესორები არიან, მათგან ბევრს ვსწავლობ“, - ამბობს მიქაელა ფუქსი.

„ექიმებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავ პაციენტების ისტორიებს. ბევრ საინტერესო სამედიცინო შემთხვევასთან მაქვს შეხება, რაც დიდ გამოცდილებას მძენს. აქ, მართლაც, ბევრ რამეს ვსწავლობ. ყოველი კვირა სხვადასხვა კლინიკურ დეპარტამენტში ვარ. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილება მომავლი ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა დრექსელ ჯულიუს ჯაკობმა. 

აღსანიშნავია, რომ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების საქმიანობას საქართველოში ხელმძღვანელობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის  პროფესორი გია თომაძე, თსსუ-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი გიორგი ასათიანი და თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე.


2022 წლის 21 ივლისს ქირურგიის დეპარტამენტს ქართულ-ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების ერთ-ერთი ინიციატორი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე ეწვია და  ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირების პროცესს ადგილზე გაეცნო.


„ავსტრიელი სტუდენტებისგან ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს თსსუ-ის დეპარტამენტებს, მათ პროფესორებს, ჩემს ქართველ კოლეგებს. სტუდენტები საუკეთესო შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან უკან ავსტრიაში, უზიარებენ კოლეგებს საქართველოში მიღებულ გამოცდილებას და გამოთქვამენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების კიდევ გავლის სურვილს, რამდენიმემ კი სურვილი გამოთქვა მედიცინის სწავლა საქართველოში გააგრძელოს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგებს, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს, უზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას საერთაშორისო სტუდენტებს. განსაკუთრებული მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ ზურაბ ვადაჭკორიას. ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული მედიცინის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რამეთუ ევროპა ჩვენი სახლია“ - განაცხადა თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, ქალბატონმა ირმა კვიცარიძემ.

გარდა კლინიკური საქმიანობისა, ვიზიტის პერიოდში ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა კი მათ კახეთის ტური მოუწყო.