შინაგანი მედიცინის ქურუმი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია მდიდარია  ღირსეულ მოქალაქეთა და პროფესიონალთა სახელებით, რომლებიც  მედიცინის  სხვადასხვა მიმართულების განვითარების სათავეებთან იდგნენ. დღეს თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკური მედიცინა მათ მიერ შექმნილ მძლავრ ფუნდამენტზე წარმატებით ვითარდება. ასეთ დიდ სახელებს შორის მოიაზრება პროფესორ ბაადურ რაჭველიშვილის სახელიც, რომელსაც, გამორჩეული დამსახურების გამო, სამედიცინო საზოგადოებაში შინაგანი მედიცინის ქურუმს უწოდებენ. მას - დიდ კლინიცისტს, გასტროენტეროლოგს და საქართველოს მედიცინის ისტორიის მკვლევარს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, თერაპევტთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს, საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტსა და უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს, წელს 100 წელი შეუსრულდებოდა.

ბაადურ რაჭველიშვილის ცხოვრება ქართული მედიცინის ისტორიასა და საქართველოს ისტორიასთან მჭიდრო, ორგანულ კავშირში მიმდინარეობდა.  

1922 წელს, საქართველოში ძალიან მტკივნეული პოლიტიკური ძვრების პერიოდში, თბილისში, ცნობილი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის, ქრისტეფორე რაჭველიშვილის და ექიმ-სტომატოლოგის, ნინო ხარატიშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი - ბაადურ რაჭველიშვილი.

ქრისტეფორე რაჭველიშვილი, თავგანწირვით ებრძოდა მე-11 არმიას, რის გამოც  წლების განმავლობაში ბოლშევიკებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული. 1928 წელს 6 წლის ბაადური მამამ თავის მეგობარს, კათოლიკოს კალისტრატე ცინცაძეს ფარულად მოანათვლინა; ბატონი ბაადური სიცოცხლის ბოლომდე სასოებით ინახავდა კათოლიკოსის ნაჩუქარ ოქროს ჯვარს. 

საინტერესოა, რომ ბაადურის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ქრისტეფორეს მეგობრებმა: კონსტანტინე გამსახურდიამ, ივანე ჯავახიშვილმა, შალვა ნუცუბიძემ, ვახტანგ კოტეტიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, პავლე ინგოროყვამ, სოლომონ ხუციშვილმა, ალექსანდრე ქუთათელმა...

სწორედ ამიტომ იყო, რომ ბატონი ბაადური გამოირჩეოდა ჰუმანიზმით, ღრმა პატრიოტული მრწამსით, რაფინირებული პიროვნული თვისებებით. Bბატონ ბაადურს საქართველოს იახლესი ისტორიის ძნელბედობის თითქმის ყველა ეპიზოდი განცდილი და გათავისებული ჰქონდა; მე-20 საუკუნის ისტორიამ მის ოჯახსაც დაატყო მძიმე კვალი. 

1937 წელს, მამის დაპატიმრების შემდეგ, 15 წლის ბაადურმა სულ სხვაგვარად გაიაზრა სამშობლოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.  Mმან, დედასთან ერთად ნახა ირგვლივ გამეფებული დამთრგუნველი შიში და ისიც, თუ როგორ შემოეცალნენ ოჯახს  ნაცნობ-მეგობრები... როგორ ვეღარ ბედავდნენ მარტო დარჩენილი დედა-შვილის დახმარებას. „ხალხის მტრის“ ოჯახი განაჩენი იყო, თითქოს. ბატონ ბაადურს სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში, რომ ეს მსახვრალი შიშიც კი ყველას თანაბრად ვერ ერეოდა. ერთადერთი,  ვინც ბედავდა ოჯახს დახმარებოდა,  ქრისტეფორეს განუყრელი მეგობარი, კონსტანტინე გამსახურდია იყო. 

1939 წელს ბატონი ბაადური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, 1940 წელს კი სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, სადაც მომავალში მედიცინის სახელოვან წარმომადგენლებთან  - ლევან ჭაჭიაშვილთან, რეზო ხოფერიასთან, შოთა გამყრელიძესთან, ვახტანგ ხუციძესთან (წოპე) კონსტანტინე მადიჩთან და სხვებთან ერთად სწავლობდა. 

1944 წლიდან, სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დასრულების შემდგომ, ბატონი ბაადურის  ცხოვრება და საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუკავშირდა, რასაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ემსახურა. თაავდაპირველად განაწილებით მან  მუშაობა დაიწყო ხულოს რაიონის საექიმო პუნქტის გამგედ, სადაც  მრავალმხრივი სამუშაოს შესრულება უწევდა - იყო თერაპევტიც, ქირურგიც, პედიატრიც, მეანიც... მისი საექიმო უბანი  14 მაღალმთიან სოფელს მოიცავდა. მალევე იგი ჩაირიცხა ისტორიის ინსტიტუტის მედიცინის ისტორიის განყოფილების ასპირანტურაში. 

1950-1960 წლებში ბაადურ რაჭველიშვილი ბრძანდებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი და ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე.  1957 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე  „შინაგანი მედიცინის საკითხები ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში“. 

1961 წლიდან ბაადურ რაჭველიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტია,  შემდეგ - დოცენტი, პროფესორი; 1986 წელს  იგი შინაგან სნეულებათა კათედრის გამგედ აირჩიეს. 

ბაადურ რაჭველიშვილმა ქართველ მედიკოსთა რამდენიმე ათეული თაობის პროფესიული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მიიღო მნიშვნელოვანი მონაწილეობა, ბევრ ახალგაზრდა მედიკოსს გაუკვალა გზა მეცნიერებაში.  მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს ხუთი ათეული წლის განმავლობაში გასტროენტეროლოგია და უძველესი ქართული მედიცინა, ბოლო პერიოდში კი - ნაღვლკენჭოვანი დაავადების ეტიოპათოგენეზის მექანიზმების კვლევა შეადგენდა; ამ მიმართებით იგი 160-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის - 10 მონოგრაფიის ავტორი და თანააავტორია. 

ბევრ ჩვენს თანამემამულეს ახსოვს მისი, როგორც ექიმის შეუდარებელი პროფესიონალიზმი.  მის ახლობლებსა და ნაცნობებს არ ავიწყდებათ ის ამაღლებული სისადავე და ჭეშმარიტი ღირსება, რაც ბაადურ რაჭველიშვილის ორგანული თვისებები იყო; პროფესორ ბაადურ რაჭველიშვილის სისპეტაკე, კომპეტენტურობა, ადამიანური სითბო მისაბაძი იყო მისი თანამედროვეებისათვის და სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ბაადურ რაჭველიშვილის საუკუნოვანი იუბილე  არის მნიშვნელოვანი თარიღი და კიდევ ერთი შესაძლებლობა,  ქედი მოვიხაროთ  დიდი პროფესიონალის სახელის და ხსოვნის წინაშე და  ვუთხრათ მადლობა უშურველი ღვაწლისა და სამაგალითო ცხოვრებისათვის.