თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გერმანელმა პროფესორმა და დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელმა საჯარო ლექციები ჩაატარეს

2022 წლის 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ოლივერ დევალდი და თსსუ-ის საპატიო დოქტორი, დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაშაყმაძე ეწვივნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან რუხაძე: მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარატმენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვა. 

შეხვედრაზე თსსუ-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს, თავის მხრივ, პროფესორმა დევალდმა ერლაგენის უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა.

ამავე დღეს, მოწვეულმა სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები გამართეს. 

პროფესორმა დევალდმა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებზე ისაუბრა, ხოლო თსსუ-ის საპატიო დოქტორმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ სტუდენტებს ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის გაცვლითი პროგრამის წარმატებულ 12 წელზე მიაწოდა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.