თბილისში ჩატარდა მე-5 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში

2022 წლის 18-19 ნოემბერს თბილისში ჩატარდა მე-5 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში. იგი ორგანიზებული იყო ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) მიერ, ხოლო ადგილობრივ ორგანიზატორს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე.

კურსი წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში. მას ფიზიკური გამოცხადებით დაესწრო 60, ხოლო ონლაინ - 300 მსმენელი მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან. სასწავლო კურსის თემას წარმოადგენდა „დასწავლის და ქცევის დარღვევები სკოლის ასაკის ბავშვებში“.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგნენ: პროფესორი ალასდაირ პარკერი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო; პროფესორი ფილიპ პაქუიერი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბელგია; პროფესორი კორიენ კატსმან ბერევოტსი, როტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები; პროფესორი ფრანცისკო კარატალა მარკო, ალიკანტეს უნივერსიტეტი, ესპანეთი; პროფესორი ბიანა სუხუდიანი, არაბკირის სამედიცინო ცენტრი, სომხეთი; პროფესორი სოფიო ბახტაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო; პროფესორი თინათინ ტყემალაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო; პროფესორი თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

კურსზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კლინიკური შემთხვევების განხილვას. საუკეთესო კლინიკური შემთხვევის წარდგენისთვის პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტმა კახა ბრეგვაძემ, ხოლო მეორე ადგილი მიეკუთვნა ახალგაზრდა მონაწილეს უკრაინიდან ალექსანდრე მიროშენკოს. 

აღსანიშნავია, რომ კურსი აკრედიტებული იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის აკრედიტაციის საბჭოს მიერ და მას მიენიჭა მაქსიმალური - 12 ევროპული CME კრედიტი (ECMEC®s).  

კურსის წარმატებით ორგანიზებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორს, პროფესორ სოფიო ბახტაძეს გადაეცა ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მადლობის სიგელი.