2022 წლის 19 დეკემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა კონკურსი „თეზისი 3 წუთში“, რომლის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა #3 დეპარტამენტის დოქტორანტი ნათია ქათამაძე გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად კონკურსი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტში ტარდება და გულისხმობს დოქტორანტების სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების „შეჯიბრს“, რომლის წესების თანახმად, დოქტორანტმა, 3 წუთში ერთი სტატიკური სლაიდით უნდა წარმოადგინოს საკუთარი სადოქტორო ნაშრომი ისე, რომ დაინტერესებული პირისთვის შეძლოს კვლევის მნიშვნელობისა და შინაარსის ეფექტურად ახსნა.
ჯამში, 8 წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგინა სადოქტორო კვლევები პროექტში მონაწილე 200-მდე დოქტორანტმა. პროექტის ფარგლებში სულ 3 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის თსსუ-ის დოქტორანტი ნათია ქათამაძე, რომელმაც წარმატებით წარადგინა სადოქტორო პროგრამა „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ნაწლავური მიკროფლორის მოდიფიკაციის როლი გლიკემიის კორექციაზე“. პროგრამის ხელმძღვანელები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის #3 დეპარტამენტის პროფესორი თამარ ყანდაშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი დავით მეტრეველი.