თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, ვენის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: გრიშკა კრისტიან ჯენის ჰეიმრატი და თამინა ლოლა კორენი იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა სტაჟირება თსსუ-ის რამდენიმე დეპარტამენტში გაიარეს.
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გრიშკა კრისტიან ჯენის ჰეიმრატი სტაჟირებისთვის იმყოფებოდა თვალის სნეულებათა დეპარტამენტში; ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტში; ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტში, ასევე მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში.
„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტ პაციენტთან მქონდეს კომუნიკაცია. ეს საუკეთესო საშუალებაა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებისთვის. ორ წელიწადში ექიმი ვიქნები და მსურს, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დავაგროვო. თბილისში მუშაობა საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის, ვინაიდან აქ ვეცნობი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს. გარდა ამისა, მოხიბლული ვარ საქართველოთი, ძალიან ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა“, - ამბობს გრიშკა კრისტიან ჯენის ჰეიმრატი.
მეორე ავსტრიელმა სტუდენტმა თამინა ლოლა კორენმა სტაჟირება გაიარა თსსუ-ის პედიატრიის #2 დეპარტამენტში; ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტში; ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტში.