პროფესორ თამარ დეკანოსიძის 100 წლის იუბილე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2022 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ თამარ დეკანოსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსსუ-ის კურსდამთავრებული, ექიმი ჯონი ჯანაშია უძღვებოდა.

სცენაზე საგანგებოდ შექმნილი დეკორაცია ხაზს უსვამდა იმ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, რომლითაც გამსჭვალულია თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დიდი მეცნიერის, პედაგოგის, მოღვაწის, თამარ დეკანოსიძის მიმართ...

დამსწრეებს სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დევიზია  “ტრადიციებით მომავლისკენ”, რაც  გამოხატავს  წარსულის  საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციების ერთობლიობას _ ყველაზე  საიმედო საყრდენს  აკადემიური განათლების, სამედიცინო პრაქტიკისა და სამეცნიერო მუშაობისთვის. ამ სულისკვეთებით ვიზრდებოდით  თსსუ-ის კურსდამთავრებულები, ამ დევიზს დღეს სრულად იზიარებენ სტუდენტები, პროფესურა, ექიმები, მკვლევარები... ტრადიციები, მოგეხსენებათ, თავისთავად არ ჩნდება;  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრადიციებს  ღვაწლმოსილი თანამშრომლები ქმნიდნენ;  მათგან ერთ-ერთი გამორჩეული  აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე გახლავთ.  მას  ბევრს  ვუმადლით  და, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მკაფიოდ ვგრძნობთ, რა მადლი და  სიმდიდრეა   ამ მასშტაბის მეცნიერის, პედაგოგის,  მენტორის, ექიმის მოღვაწეობა.

თამარ  დეკანოსიძემ  შექმნა  ეპოქა  და  აჩვენა  მაგალითი  ჭეშმარიტი  ღვაწლისა. დღეს  არცთუ იშვიათად  იყენებენ  სიტყვას  „მოღვაწეობა“,  „მოღვაწე“,   _    ხშირად გაუმართლებლად... მაგრამ   თამარ  დეკანოსიძესთან  მიმართებით  ეს  ყველაზე  მართებული    შეფასებაა.  დიახ,  ის იყო მოღვაწე,  ამ  სიტყვის ყველაზე ამაღლებული გაგებით. მასში ჰარმონიულად იყო შერწყმული ერის მოამაგე და ამაგდარი პედაგოგი, პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერი და უანგარო პროფესიონალი. ის  გახლდათ  პიროვნება, რომლის  ირგვლივაც  ერთიანდებოდნენ  სამეცნიერო საქმიანობისა, თუ ეროვნული მიზნების მისაღწევად. 

...მადლობა ამ დიდი ღვაწლისთვის, ქალბატონო თამარ! თქვენი შრომის შედეგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დღევანდელობაშიც  ცხადად იგრძნობა. ალბათ, ეს არის ჭეშმარიტი  მეცნიერის მარადიული თანამედროვეობის  მაგალითი!“

ამაგდარი პედაგოგი და მეცნიერი გაიხსენეს მისმა მოწაფეებმა და კოლეგებმა: პროფესორმა რამაზ ჩიხლაძემ; პროფესორმა ამირან გამყრელიძემ; პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  ვლადიმერ კახაძემ; თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, არქიმანდრიტმა მამა ადამმა (ახალაძე); საქართველოს პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ; ემერიტუსმა ბესიკ კილასონიამ; პროფესორმა მაგული ჩხობაძემ; პროფესორმა რევაზ კაპანაძემ; აკადემიკოსმა გურამ ბექაიამ; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ზაზა თოფურიამ; თსსუ-ის კურსდამთავრებულმა გიორგი ჭუმბურიძემ; პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

იუბილეზე აჩვენეს 2016 წელს გადაღებული ფილმი „ესეი შთამომავლობისთვის“, რომელიც თამარ დეკანოსიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხებოდა.

საღამოს ამშვენებდა თსსუ-ის გოგონათა ანსამბლისა  და ვაჟ მომღერალთა გუნდის მუსიკალური ნომრები.

„ეს იყო მცდელობა, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა დიდი მადლიერება, სიყვარული და უსაზღვრო პატივისცემა პროფესორ თამარ დეკანოსიძის მიმართ, რომელმაც თავისი მოღვაწეობით შექმნა ეპოქა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“ , _ აღნიშნა საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.