ისტორია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ნიჭიერებით და მრავალფეროვანი საქმიანობით ხელოვნებაში. ქართველ ექიმებს შორის არიან ისეთი პიროვნებები, რომლებმაც თავის მეორე პროფესიად აირჩიეს ხელოვნების სხვადასხვა დარგი: კინოსა და თეატრის მსახიობები, ოპერისა და ესტრადის მომღერლები, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, პოეტები, მხატვრები და მოცეკვავეები. პირველად საქართველოში, თსსუ-ში შეიქმნა საესტრადო ანსამბლი და კლასიკური მუსიკის ორკესტრი. 1980-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო თსსუ-ის ვოკალური ანსამბლები: „პს“, „დენსი“, ფარმაცევტული ფაკულტეტის გოგონათა კვარტეტი და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. 

1984 წელს თსსუ–ში ბადრი მაჭავარიანისა და მისი მეგობრების ინიციატივით შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლი “ქართული ფოლკლორი”.

1992 წელს ჩამოყალიბდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი “კოზა ნოსტრა”, რომელიც 1996 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი. 

1994 წელს, 10 წლის საიუბილეო თარიღთან და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობასთან  დაკავშირებით, კულტურის სამინისტრომ, თსსუ -ის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს მიანიჭა  „სახალხო ანსამბლი“- ს საპატიო წოდება.

1998 წლის ნოემბერში თსსუ - ის რექტორატის გადაწყვეტილებით დაარსდა კულტურის ცენტრი: დირექტორად დაინიშნა ბადრი მაჭავარიანი, სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი ჭიჭინაძე. ცენტრში გაერთიანდა: სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი” (სამხატვრო ხელმძღვანელი - ბადრი მაჭავარიანი, მთავარი ქორეოგრაფი - გელა მგელაძე, ლოტბარი - დავით უზნაძე), დაარსდა მოძრაობის თეატრი “იმპრო” (მთავარი რეჟისორი - თეა მამუკელაშვილი, ქორეოგრაფი - გიორგი სოსანაშვილი). 

2000 წელს ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს “ქართული ფოლკლორი” გამოეყო და ცენტრში ცალკე ჩამოყალიბდა მომღერალ ვაჟთა გუნდი “ფესვები” (ხელმძღვანელი - დავით უზნაძე). მოგვიანებით,  რამოდენიმე  წევრმა შექმნა  ანსამბლი „შვიდკაცა“. 

2001 წელს ჩამოყალიბდა დრამატული თეატრი “ჰიგია” (მთავარი რეჟისორი - ნათია გუჯაბიძე). 

2004 წელს ბადრი მაჭავარიანის ინიციატივით შეიქმნა თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი “ვეგა” (ხელმძღვანელები - ია კვირიკაშვილი და დავით კულუმბეგაშვილი). 

2006 წლიდან 2018 წლის ნოემბრის თვემდე, თსსუ -ში,  შექმნილი იყო სპორტისა და ხელოვნების ცენტრი. აღნიშნულ ცენტრში, მოხდა სპორტული და სახელოვნებო ჯგუფების გაერთიანება. ამ პერიოდში ცენტრის დირექტორები იყვნენ - კახა ჭუმბურიძე, ნიკოლოზ მახვილაძე და ზაურ ფხალაძე. დირექტორის მოადგილე გახლდა ბადრი მაჭავარიანი. 

2018 წლის ნოემბრის თვიდან, თსსუ - ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,  სპორტისა და ხელოვნების ცენტრში, მოხდა სტრუქტურული ცვლილებები.  ცალკე ჩამოყალიბდა თსსუ -ის კულტურის ცენტრი. დირექტორად დაინიშნა ბადრი მაჭავარიანი.  

თსსუ-ის  კულტურის ცენტრში, არსებული შემოქმედებითი ჯგუფების წარმატებაში, უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ცენტრის დირექციას და სტუდენტურ თვითმმართველობას.