25 აპრილს დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი „არტ გენომი“ ჩატარდა, რომელიც ადამიანის გენომის პროექტის დასრულების მეოცე წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციულად ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება.
კონკურსში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიოსამედიცინო სპეციალობების სტუდენტებმა.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 28 ნამუშევარი, მათ შორის ფერწერა, ციფრული ნახატი, ნაქარგი და სკულპტურა. კონკურსის „არტ გენომი“ თემას წარმოადგენდა - ადამიანი გენომის პროექტიდან CRISPR-Cas9 გენომის რედაქტირების ტექნოლოგიამდე.
25 აპრილს გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები:
I ადგილი - ნინო იზაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ,,Unlocking the Genetic Mysteries: A Drawing Revelation“, შერეული ტექნიკა (აკრილი, ფანქარი და მარკერი).
II ადგილი - მარიამ მჭედლიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- ,,პატარა პრინცი“ (ტილო, ზეთი).
III ადგილი - ნინო კუსიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -ციფრული ნახატი „გენომური აპოგეა“.
ასევე, საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: დათა კეკუტია, ბესო დავითაშვილი და აფრა რიასი.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიულ აქტივობებში: CRISPR-Cas9 გენომის რედაქტირების ტექნოლოგია.
კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენამდე, პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მარიო ოლლერომ ჩაატარა ლექცია: "ომიკების ტექნოლოგია პათობიოლოგიურ კვლევებში, ფოკუსირება პროტეომიკაზე და ლიპიდომიკაზე".