რა არის კლინიკური ფარმაცია ?
თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში მყარად დაიკავა ადგილი ფარმაციის უახლესმა მიმართულებამ - კლინიკურმა ფარმაციამ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრებით კლინიკური ფარმაცევტები, ძირითადად, ჰოსპიტლებს და მწვავე გართულებების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ ცენტრებში არიან დასაქმებულნი და აწარმოებენ არა პროდუქტზე, არამედ პაციენტზე ორიენტირებულ საქმიანობას.
კლინიკური ფარმაცია ფარმაცევტისგან მოითხოვს თერაპიის საკითხების, დაავადების მიმდინარეობის და ფარმაცევტული პროდუქტის ღრმა ცოდნას. დამატებით, კლინიკური ფარმაცია გულისხმობს: საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ფლობას, მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის უნარ-ჩვევებს, სამედიცინო ინფორმაციის გადმოცემისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების გაანალიზების შესაძლებლობას.
კლინიკური ფარმაცევტები სამედიცინო გუნდის აქტიური წევრები არიან, მონაწილეობას იღებენ ყოველდღიურ შემოვლებსა და მკურნალობის მიმართ პაციენტის სწორი განწყობის ჩამოყალიბებაში.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სპეციალობა ”კლინიკური ფარმაცია” გაჩნდა და ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში. აღნიშნული დარგის სპეციალისტების მოქმედების სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ აფთიაქებში მუშაობით. ისინი ეხმარებიან ექიმებს სამკურნალო პრეპარატების რაციონალურ შერჩევაში, ამ უკანასკნელთა ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთდამოკიდებულების, აგრეთვე, მკურნალობის ღირებულების გათვალისწინებით. აღნიშნულ სპეციალისტებს უნდა გააჩნდეთ სისტემური ცოდნა მედიცინის, ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაციის სფეროში, რათა რაციონალურად იქნეს გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები.
უშუალოდ კლინიკურ დაწესებულებებშიც არსებობს მრავალი მიზან-ამოცანა, რომელთა შესრულებაც შეუძლიათ კლინიკურ ფარმაცევტებს. კლინიკურმა ფარმაცევტმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ითანამშრომლოს პროფესიონალებთან ამა თუ იმ დაავადებების მკურნალობის შესახებ მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების კუთხით, მონაწილეობა უნდა მიიღოს სამკურნალო საშუალებების განაწილებისა და შესყიდვის, სამკურნალო ფორმულარების შექმნის და ა.შ. პროცესებში.
თსსუ - ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელსაც კლინიკური ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა აქვს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2018 წლიდან ამზადებს სპეციალისტებს კლინიკური ფარმაციაში. აღსანიშნავია, რომ თსსუ, საქართველოს მასშტაბით, ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც კლინიკური ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა აქვს.
თსსუ-ში არსებული სამაგისტრო პროგრამის „კლინიკური ფარმაცია“ მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც მონაწილეობს პაციენტზე ზრუნვის პროცესში, რაც გულისხმობს ექიმებთან ერთად რაციონალური ფარმაკოთერაპიის განხორციელებას, ეფექტური და უსაფრთხო წამლის შერჩევას, მისი ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ფაქტორების გათვალისწინებით.