ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი სტაჟირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში იმყოფებოდა

2023 წლის ნოემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტი დარიო ვუკოსავლევიჩი იმყოფებოდა. მან კლინიკური სტაჟირება თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში გაიარა. 

როგორც ავსტრიელმა სტუდენტმა აღნიშნა, მოხარულია, რომ სტაჟირების გავლა საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადაწყვიტა.

„ყოველ დღე მოვდივარ კლინიკაში, ვხვდები პროფესორს. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვახორციელებთ შემოვლას, შემდეგ ვესწრები დაგეგმილ ოპერაციებს ან მაქვს ლექცია. ორშაბათობით გვაქვს პროფესორ თომაძის ლექცია, ხოლო დანარჩენ დღეებში, ასოცირებული პროფესორი ლევან გოფოძე მაცნობს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს.  

ქართველი ექიმებისგან ბევრი ქირურგიული პროცედურა ვისწავლე. აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალში, ვინაიდან ქირურგია ძალიან მაინტერესებს და ვაპირებ ამ მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა დარიო ვუკოსავლევიჩმა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის საქართველოში სტაჟირებას თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლევან გოფოძე  უწევდნენ კოორდინირებას.



„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ჩვენთან სტაჟირების გასავლელად. დარიო მოწესრიგებული ადამიანია. ის ყოველთვის ყველაფერს დიდი ინტერესით სწავლობს. ცდილობს მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რაც კლინიკაში მიმდინარეობს. მონაწილეობას იღებს, როგორც პაციენტების მართვაში, ასევე ოპერაციებში. შეიძლება ითქვას, რომ სრული კომპლექტით მიმდინარეობს მისი სტაჟირება ჩვენს კლინიკაში“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში ავსტრიელი სტუდენტი თსსუ-სა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდ.