თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისთვის ლაბორატორიული მედიცინის ლექციათა ციკლი მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორის ინიციატივით, თსსუ-ის რეზიდენტებისთვის დაიწყო ლექციათა ციკლი, რომელიც პროგრამის დირექტორისა და ლოკალური ხელმძღვანელების მონაწილეობით სხვადასხვა მოდულის შესაბამის თემებზე ტარდება.

ლაბორატორიული მედიცინის ლექციათა ციკლი ემსახურება რეზიდენტურაში სწავლების ხარისხის ამაღლებას .

"ვთვლი, რომ ჩვენი დარგის ექიმს, გარდა მეთოდიკების ცოდნის, ანალიზატორებთან მუშაობის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების  შეძენისა, უნდა შეეძლოს კლინიკური ინტერპრეტაცია, კლინიკური მნიშვნელობის მიცემა ყოველი კვლევისათვის. ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული თეორიული ცოდნა, მექანიზმებში  ჩაწვდომა, უფრო ღრმა ანალიზი, რათა სპეციალისტმა-ლაბორატორიის ექიმმა კლინიცისტთან ერთად  შეაფასოს და იმსჯელოს ამა თუ იმ კვლევის შედეგზე და მისგან მიღებულ ინფორმაციაზე. 

ზოგადად, ლაბორატორიული მედიცინა არის მულტიპროფილური დარგი, რომლის სარეზიდენტო პროგრამა  სხვადასხვა მოდულისგან შედგება, რომლებიც თემატურად ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ჩვენ ვცდილობთ, მოდულების შესაბამისად გავიაროთ ლექციები, რომ შევეხოთ  მოდულის თითქმის ყველა თემას. ვფიქრობ, ჩვენი წამოწყება პროდუქტიული და თანაბრად სასარგებლო იქნება, როგორც ლაბორატორიული მედიცინის, ასევე, სხვა სპეციალობის რეზიდენტებისთვის“, - განაცხადა თსსუ-ის ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტის პროფესორმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორმა ნინო გოგოხიამ. 

ცნობისთვის, ლექციათა ციკლი დასრულდება ივნისის ბოლოს. ლექციები ტარდება, როგორც თსსუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, ასევე თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის აუდიტორიებში.