პროფესორ ლია მენთეშაშვილის საიუბილეო საღამო თსსუ-ში

ღვაწლმოსილ ექიმს, მეცნიერსა და პედაგოგს, პროფესორ ლია მენთეშაშვილს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. 2024 წლის 27 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქალბატონი ლიას საიუბილეო საღამო შედგა, სადაც შეიკრიბნენ ამაგდარი ექიმის თანამშრომლები, ყოფილი სტუდენტები, მოსწავლეები, მეგობრები და ნათესავები.

ლია მენთეშაშვილს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა: ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მდიდარია, რომ მის წიაღში ასეთი ადამიანები მოღვაწეობდნენ და ქმნიდნენ ეპოქას.  ჩვენი  დევიზია  ,,ტრადიციებით მომავლისკენ”, ტრადიციები, მოგეხსენებათ, თავისთავად არ ჩნდება, მას ღვაწლმოსილი ადამიანები ქმნიან,  მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონო ლია მენთეშაშვილია.

ძალიან რთულია, შეაფასო ქალბატონი ლიას ღვაწლი, რომელიც მან გასწია ჩვენი უნივერსიტეტის, ქვეყნის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ზოგადად, ჯანმრთელობის განვითარების მიმართულებით.  ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თქვენი შრომის შედეგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დღევანდელობაშიც  ცხადად იგრძნობა“.

ღვაწლმოსილი  პედაგოგის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები გაიხსენეს მისმა მოსწავლეებმა და კოლეგებმა: თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ; თსსუ-ის პროფესორმა თემურ სილაგაძემ; თსუ-ის პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა; თსა-ის პროფესორმა მანანა ბოკუჩავამ; თსუ-ის პროფესორმა დავით ზურაბაშვილმა; თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჭყონიამ და  ექიმმა ფსიქიატრებმა: გიორგი ნანეიშვილმა, ვაჟა კენჭაძემ და ნინო ნანეიშვილმა.

პროფესორმა ლია მენთეშაშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას დიდი დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს სიყვარული და პატივისცემა ყველა საჩუქარზე უფრო ძვირფასია.