2024 წლის 20-22 ივნისს ბათუმში ევროპის ქირურგიის საზოგადოების 26 - ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და ვიცე-რექტორი კლინიკური საქმიანობის მიმართულებით, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.
კონფერენციას უძღვებოდა ევროპის ქირურგიის საზოგადოების ახლად არჩეული პრეზიდენტი, თსსუ-ის ქირურგიის N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი.
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი, ზოგადი, ონკოლოგიური, ენდოკრინული, ბარიატრიული ქირურგები, ასევე, ინტერვენციული რადიოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის და რობოტული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს 27 ქვეყნიდან.
კონფერენცია აკრედიტებული იყო სამედიცინო სპეციალისტების ევროპული კავშირისა (UEMS) და უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ. ღონისძიებაში მონაწილე ექიმებს მიენიჭათ 15 ევროპული კრედიტ-ქულა.
ღონისძიების პრიორიტეტული მხარდამჭერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახლდათ.