თსსუ-ის თეატრალური დასი „ჰიგია“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრი „ჰიგია“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე უკვე მეორედ წარსდგა მაყურებელის წინაშე.

2024 წლის 1 ივლისს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა წარადგინა სპექტაკლი ,,ოსვენციმი“, რომელიც ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს მეოცე საუკუნის ყველაზე ტრაგიკულ და უმძიმეს მოვლენებზე, რომელსაც ნაცისტური რეჟიმი  და ჰოლოკოსტი წარმოადგენდა.

სპექტაკლის სიუჟეტური ხაზი ვითარდება მსოფლიოს ყველაზე სასტიკ და დიდ საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში, რომელიც  ინახავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა ყველაზე მძიმე ფურცლებს. პიესაში გადმოცემულია  ადამიანების ყოფა  ტყვეობაში, მათი ყოველდღიურობა, რომელიც გაჯერებულია გადარჩენისთვის ყოველწუთიერი ბრძოლით.  მსახიობები დიდი პროფესიონალიზმით გადმოსცემდნენ საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ ადამიანთა ტრაგიკულ ბედს, მათ ფიქრებს, განცდებს, სევდას, წუხილს, უიმედობას და ამავდროულად მათ სულებში ჯერ კიდევ არ ჩამქრალ იმედის ნაპერწკალს, რომელიც მიუხედავად მძიმე რეალობისა, მაინც ატანდა დატყვევებულ ადამიანთა  სულებში.

თსსუ-ის სტუდენტმა-მსახიობებმა:  გიორგი სანიკიძემ, გიორგი ბრეგაძემ, ტატო ზუმბაძემ, ოთო მაგრაქველიძემ, თემურ ჩხეიძემ, მოლინა იოსელიანმა, ნატა სურმავამ, ნინო ლოსაბერიძემ, ანა ბუქურიძემ, ფეფე გოგნაძემ, დუდუ მოდებაძემ, ანანო სიდამონიძემ, ბახვა გელაშვილმა, ხვიჩა სებუამ, ვახო კიკნაძემ,  საბა ილურიძემ, გური მელაძემ, ლუკა ილურიძემ, საბა გველესიანმა,  მარიამ ახალაიამ, მარიამ ფანცულაიამ, ინა ნიქაბაძემ,  ელენე უჯმაჯურიძემ, კატო ჭანჭალეიშვილმა, სალი ხუტაშვილმა, თათა პაპაშვილმა, მარიამ დემურიამ, ანანო ბიბილაშვილმა, სალი საგინაშვილმა, ნატა გოროზიამ, თეკლა ხუჯაძემ, მარიამ კვანტალიანმა, ნია ყალიჩავამ, ქეთო ქადაგიშვილმა, სალომე მიქაძემ და მარიამ ჭონქაძემ  მაღალი პროფესიონალიზმით დაიპყრეს რუსთაველის თეატრის სცენა და ნამდვილი თეატრალური ზეიმი მოაწყვეს. ყველა პერსონაჟი თავისებურად საინტერესო და განსხვავებულ სახეს ქმნიდა - ასე შეიძლება შეფასდეს  მოყვარულ მსახიობთა მიერ შესრულებულ როლები. აღსანიშნავია, რომ პიესის ავტორი - დუდუ მოდებაძე, მხატვარი - ხვიჩა სებუა, მუსიკალური გაფორმების ავტორები - გიორგი სანიკიძე და სოფიო ცინცაძე - ყველანი  თსსუ-ის სტუდენტები არიან.

სპექტაკლის რეჟისორი და პიესის იდეის ავტორი თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თეატრის „ჰიგია“ დამაარსებელი, ნათია გუჯაბიძე გახლდათ. მისი თქმით, სპექტაკლი ეხმაურება დღევანდელ დღესაც, რადგან ომის თემატიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქტუალურია. ნათია გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ  მთავარი გზავნილი, რომელიც მას სურდა მაყურებლისთვის ამ სპექტაკლით მიეტანა, არის თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების იდეა, რომელიც არის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნების გარანტი.