თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეწვია

2024 წლის 4 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  მიხეილ სარჯველაძე ეწვია. 

ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს გადასცა ქართული ქირურგიის ფუძემდებლის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი, რომელიც უწყებამ კულტურის სამინისტროს დახმარებით მოიძია.

მუზეუმს, მინისტრთან ერთად, მისი მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე სტუმრობდნენ. 

სტუმრებს უმასპინძლეს და მუზეუმში დაცული ექსპონატები გააცნეს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  ირაკლი ნატროშვილმა, თსსუ-ის კანცლერმა ალექსანდრე ბუაჩიძემ, მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ შენგელიამ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები: რუსუდან რუხაძე, სოფიო ბახტაძე, ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას ქართული ქირურგიის განვითარებაში, აკადემიკოსის დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გრიგოლ მუხაძემ საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიკოსის სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობა, ქართული მედიცინისთვის მრავალ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება, შესაბამისად, მისი ხელნაწერები, სამედიცინო სახის საბუთები და ბროშურები უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ მუხაძე იყო ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში; ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც მისივე ინიციატივით, გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად; შექმნა ქირურგიის უძლიერესი სკოლა, სადაც უამრავი ქირურგი გამოზარდა.