2024 წლის 8 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის როლი ჯანდაცვის სისტემაში“ ფარგლებში, სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
შეხვედრა გახსნა ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული კურსის ძირითადი მიზანია, სტუდენტებმა უკეთ გაითავისონ რეაბილიტაციის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული სერვისები.
„ეს დარგი განვითარების პროცესშია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის თაობა, რომელიც ამ სფეროს კიდევ უფრო განავითარებს და წინ წაწევს“, - აღნიშნა პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა.
ტრადიციულად, მიმდინარე წელს, უკვე მეოთხედ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხესემესტრელმა სტუდენტებმა ჯგუფური პრეზენტაციები წარმოადგინეს თემებზე: „მედიის გავლენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად“, „მედია ადვოკატირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად“, „რეაბილიტაცია, როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხსის წინაპირობა“ და ა.შ.
შეხვედრაზე, სტუდენტებმა ისაუბრეს რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე: მედიცინის, ჯანდაცვის, სპორტის, ეკონომიკის, განათლებისა და გარემოს განვითარებაში. განიხილეს ქვეყანაში განხორციელებული რეგულაციები და გამოწვევები, სერვისები და ხელმისაწვდომობა.
ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, სტუდენტებმა წარმოადგინეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა და საქართველოში მათთვის არსებული გარემო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ეფექტიანობა სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, რომელშიც დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები.
შეხვედრაზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სტუდენტებს საინტერესო პრეზენტაციებისთვის მადლობა გადაუხადა და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სწორი მართვა და რეაბილიტაცია განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
„დიდი მადლობა სტუდენტებს საინტერესო პრეზენტაციებისთვის. მოხარული ვარ, რომ რეაბილიტაციის უდიდესი მნიშვნელობა დღევანდელ პრეზენტაციებში მკაფიოდ გამოჩნდა“, - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი და შესაძლებლობების რეალიზების ხელშემწყობი ორგანიზაცია „ანიკა“-ს ხელმძღვანელი ირინა ინასარიძე, ასევე USAID-ის სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ქეთი პაპავა. მათ დადებითად შეაფასეს სტუდენტების ნამუშევრები და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონფერენციები, სადაც წარმოდგენილია მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხები, ინფორმაციის თვალსაზრისით ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.
შეხვედრის დასასრულს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტის „რეაბილიტაციის როლი ჯანდაცვის სისტემაში“ წარმატებული პრეზენტაციების წარდგენისთვის გადაეცათ სერტიფიკატები.
„ვეცადეთ, წარმოგვეჩინა რეაბილიტაციის როლის უპირატესობები სხვადასხვა დარგში. მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტებმა მუდმივად მოვიძიოთ ინფორმაციები ამა თუ იმ საკითხებზე, გავიღრმავოთ ცოდნა. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯები, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული იქნება ჩვენი და ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნეს სტუდენტებმა.