თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის მე-13 კონფერენციაზე

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ  მონაწილეობა მიიღო სეულში გამართულ არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის მე-13 კონფერენციის მუშაობაში (UDNI2024), სადაც  მან აბსტრაქტი და პოსტერული მოხსენება წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის აბსტრაქტები გამოქვეყნდება  ჟურნალ RARE-ში, რომელიც გამოიცემა Elsevier-ის ეგიდით. 

ღონისძიების ფარგლებში, ასევე,  შედგა ე.წ. „ჩემპიონების შეხვედრა“, რომელსაც ესწრებოდნენ UDNI-ის დამფუძნებლები და წევრები. შეხვედრაზე განიხილეს იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სირთულეები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და მათ გადასაჭრელად მიმართული ინიციატივები. 

კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა შემდგომი კოლაბორაცია გერმანიის ტუბინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო გენეტიკის და გამოყენებითი გენომიკის ხელმძღვანელთან, პროფესორ ოლაფ რეისთან, რომელიც ახორციელებს ე.წ. T2T sequencing-ის პროექტს (ტელომერიდან ტელომერამდე სექვენირება). ,,პროექტში სამომავლოდ მოიაზრება საქართველოს მონაწილეობა, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაში“,- აღნიშნა პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ.

 ასევე, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ გამართა შეხვედრა European Accreditation Council for Continuing Medical Education-ის (EACCME®) წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის სურვილი.