პროფესორ მაურო ლაბანკას (მილანი, იტალია) ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 21-24 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვევით, თსსუ-ში იმყოფებოდა ბრესჩიას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კონსულტანტი, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის საერთაშორისო საბჭოს კანცლერი, პროფესორი მაურო ლაბანკა.

პროფესორმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე - „წარმოადგენს თუ არა „ადამიანური ფაქტორი“ გართულებების ძირითად მიზეზს სტომატოლოგიაში“, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის და მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის მე-8, მე-9 და მე-10 სემესტრის სტუდენტები, თსსუ-ის რეზიდენტები, აკადემიური პერსონალი, ახალგაზრდა ექიმები, ლექციამ  დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ პროფესორი მაურო ლაბანკა საპატიო სტუმრის რაგნგში დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, სადაც მან სტუდენტებს სიტყვით მიმართა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. იმავე დღეს პროფესორი მაურო ლაბანკა სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველსემესტრელებს შეხვდა. 

ასევე, პროფესორი მაურო ლაბანკა შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორ ეკა ეკალაძეს, რომელმაც სტუმარს სასწავლო სივრცე დაათვალიერებინა და ამერიკული პროგრამის სტუდენტების წარმატებებზე ესაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა მაურო ლაბანკამ დაათვალიერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი. სტუმარმა დადებითად შეაფასა ცენტრის აღჭურვილობა, მისი დახვეწილი სტრუქტურირებული სილაბუსები და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. პროფესორი ლაბანკა ასევე ესტუმრა თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულ „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს".

აღსანიშნავია, რომ პროფესორი მაურო ლაბანკა იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც ის განსაკუთრებით დაინტერესდა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიმულაციების ცენტრით და  წინაკლინიკური (საფანტომო) ბაზით, ასევე დაათვალიერა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორ მაურო ლაბანკას, როგორც სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის საერთაშორისო საბჭოს კანცლერსა და ევროპის სექციის მომავალ პრეზიდენტს, მასპინძლობდა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპული სექციის მე-16 განყოფილების (District) რეგენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე.