AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში

ჩვენს შესახებ

2019 წლის  მაისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო განათლების აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბი - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE – Association for Medical Education in Europe) საერთშორისო თანამშრომლობის ცენტრი. AMEE ამჟამად უკვე ცნობილია როგორც სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია, აერთიანებს რა ხუთი კონტინენტის 90-ზე მეტი ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს, ეროვნული ასოციაციებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციას (WFME) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO). სადღეისოდ მსოფლიოში AMEE-ს სულ სამი რეგიონული წარმომადგენლობაა და მათ შორის ერთი საქართველოში გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შერჩეული იქნა AMEE-სთან აქტიური თანამშრომლობის, სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებული მონაწილეობის გათვალისწინებით.
საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანია სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მიწოდება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის.



-----------------------------------------------------------------------------------------------------

AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის ცერემონია

23 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში   სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE-ს) რეგიონული წარმომადგენლობის - საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები  ესწრებოდნენ. ცერემონიალს, ასევე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, დეკანები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტრენინგის მონაწილეებიც დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმ უნივერსიტეტების რექტორები, სადაც ფუნქციონირებს მედიცინის ფაკულტეტი.
ღონისძიება ოფიციალურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. მან ისაუბრა წარმომადგენლობის დაფუძნების მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსთვის ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის და  აღნიშნა, რომ მისი ამოქმედება თსსუ-ში უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს.  
"ეს არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებაა: საქართველო  სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია  ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. დღემდე მსოფლიოში AMEE-ს მხოლოდ 2 რეგიონული წარმომადგენლობა აქვს გახსნილი. მესამე ოფისი,  უკვე საქართველოში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში-  საქართველოს და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნების უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს გაუწევს კოორდინაციას სამედიცინო გაანათლების სტანდარტების დამკვიდრებაში .  მესამე წარმომადგენლობის  ამოქმედება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  მის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს.  ამის საფუძველი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებებია სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლისა და სწავლების სფეროში, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვაში, ასევე, ეფექტური მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში" - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2000 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს AMEE-სთან და მასთან ერთად ახორციელებს ერთობლივ მასტერ-კლასებს სწავლების ახალი მეთოდების დასანერგად, ქმნის ერთობლივ ნაშრომებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგაში, მონაწილეობს ყოველწლიურ კონფერენციებსა და ვორქშოპებში. თსსუ, ასევე, მონაწილეობდა სამედიცინო განათლების თემატური ქსელის MEDINE-2-ის საქმიანობაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ქვეყნებში ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავების მიზნით.  ის, რომ თსსუ–ში  განხორციელდა ევროკომისიის მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული ტემპუსის პროექტი "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში",  რომელიც  მიზნად ისახავდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავებას და დანერგვას საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეირჩა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონულ ცენტრად.
AMEE-ს რეგიონული ცენტრის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სამედიცინო განათლების მსოფლიო ლიდერებთან, მათი გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე სტანდარტების ეფექტურ ამოქმედებას, უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგის კიდევ უფრო ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ  თსსუ–ში ამჟამად 2300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 68 ქვეყნიდან;  თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მესამედზე მეტი – 38%  უცხოელია.
მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში საქართველოსთვის ეს უკვე მეორე აღიარებაა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ჰაბად: თავდაპირველად, 2018 წლის ნოემბერში  საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  სამედიცინო განათლების მსოფლიო  ფედერაციის (WFME) მიერ მააკრედიტებელი სააგენტოს სტატუსი მიენიჭა, ახლა კი  – უკვე  AMEE-ს წარმომადგენლობა  გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 
საქართველოს პრემიერ მინისტრმა სწორედ ამ აღიარებასთან დაკავშირებით ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, ასევე,  ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა არსებობდეს მყარი გარანტიები, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ,ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და AMEE-ს საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელმა, WHO-ს და WFME -ს კონსულტანტმა სამედიცინო განათლების საკითხებში- ტრევორ გიბსმა.  ცერემონიალის დროს მოხდა  AMEE-ს გენერალური მდივნის, პროფესორ რონალდ ჰარდენის ვიდეომიმართვის გაშუქება.
ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციას შორის, საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის თაობაზე.
საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
პირველი 5-დღიანი კურსი დაიწყო 20 მაისიდან -  „ძირითადი უნარები სამედიცინო განათლებაში" . ტრენინგს უძღვება AMEE-ს დირექტორატის წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. AMEE-ს ოთხი კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 
მომავალში დაგეგმილია სასწავლო კურსები შეფასების, სტუდენტთა ცოდნის შეფასების, სამეცნიერო კვლევის, აკადემიური პერსონალის სწავლების უნარების შეფასების, სამედიცინო განათლების მენეჯმენტის, სიმულაციის და კლინიკური სწავლების საკითხებზე. ქართულ  ენაზე  გამოიცემა AMEE-ს  ჟურნალის "Medical Teacher" დაიჯესტი, სამედიცინო განათლების  AMEE-ს  სტანდარტები.







იხილეთ მეტი AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის ცერემონიის შესახებ

---------------------------------------------------------------------------------------------------
ESME კურსი

პირველი 5-დღიანი ESME კურსი -  „ძირითადი უნარები სამედიცინო განათლებაში"  წარმატებით ჩატარდა 2019წლის მაისში, ცენტრის გახსნის ცერემონიალის შემდგომ. ტრენინგს უძღვებოდა AMEE-ს დირექტორატის წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. 
კურსს ესწრებოდა 47 სამედიცინო სპეციალისტი, აქედან 28 იყო თსსუ-ის თანამშრომელი, ხოლო 19 სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელი: თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემია, ქართული ამერიკული უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაუ ბათუმის  საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
კურსის შემდგომი დავალების წარდგენის შედეგად მხოლოდ 40 წარმატებულ მონაწილეს გადაეცა ESME სერთიფიკატი. 




--------------------------------------------------------------------------------------------
ESMEA კურსი

5 დღიანი  ESMEA კურსი - „აუცილებელი უნარები სამედიცინო განათლებაში - შეფასება“
ჩატარდა 2019 წლის ოქტომბერში. ტრენინგს უძღვებოდა AMEE– ს პრეზიდენტი, პროფესორი ტრევორ გიბსი.  ტრენინგში მონაწილეობდა 40 მსმენელი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათგან 22 იყო თსსუ-ის აკადემიური პერსონალი, ხოლო 18 სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემია, ქართული ამერიკული უნივერსიტეტი, ევროპული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაუ ბათუმის  საერთაშორისო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.



--------------------------------------------------------------------------------------------


RESME კურსი

2020 წლის ოქტომბერში ჩატარდა RESME ონლაინ კურსი - ”კვლევის უნარები სამედიცინო განათლებაში”, რომელიც  ჩაატარა პროფესორმა დევიდ ტეილორმა. 28 მონაწილე დაესწრო RESME კურსს, მათ შორის 17 იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და 11 მონაწილე კი  სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
--------------------------------------------------------------------------------------------
მასწავლებლის შეფასების კურსი

2020 წლის ოქტომბერში მასწავლებლის შეფასების კურსი ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, რომელსაც უძღვებოდა  პროფესორი დევიდ ტეილორი. კურსს ესწრებოდა 19 მონაწილე, მათგან 12 იყო თსსუ – ის პროფესორი და 7 მონაწილე კი  სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი , თბილისის სამედიცინო აკადემია 
--------------------------------------------------------------------------------------------

ESME საბაზისო კურსი

დიდი ინტერესისდან და მოთხოვნიდან გამომდინარე , ESME კურსების ახალი ციკლი ამოქმედდა 2020 წლის ნოემბერში. ESME საბაზისო  კურსი  ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მას უძღვებოდა AMEE– ს პრეზიდენტი. პროფესორი ტრევორ გიბსი. კურსს დაესწრო 29 მონაწილე, მათ შორის 26 იყო თსსუ-ის პროფესორი და 3 მონაწილე კი, იყო სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი.
--------------------------------------------------------------------------------------------
ESME საბაზისო კურსები 2021

2021 წლის მაისში  მაღალი დაინტერესებიდან და  მოთხოვნიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში   ჩატარდა 2  საბაზისო ESME  კურსი დამწყებთათვის. ტრენინგებს უძღვებოდნენ  AMEE– ს პრეზიდენტი პროფესორი ტრევორ გიბსი და პროფესორი დევიდ ტეილორი. ამ კურსებს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს AMEE– ს საქართველოს ცენტრის ინტერნაციონალიზაციის პროცესს . ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 44-მა  მსმენელმა, საიდანაც 34 იყო თსსუ-ის წარმომადგენელი,  10 კი სხვა ინსტიტუციის  წარმომადგენელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი.
--------------------------------------------------------------------------------------------

ESMEA, RESME, ESME –EtT კურსები 2021

2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ონლაინ ჩატარდა 3 ESME ტრენინგ კურსი: 
ESMEA კურსი - „აუცილებელი უნარები სამედიცინო განათლებაში - შეფასება“ -ტრენინგს უძღვებოდა AMEE– ს პრეზიდენტი, პროფესორი ტრევორ გიბსი;
RESME  კურსი - ”კვლევის უნარები სამედიცინო განათლებაში”, 
ESME –EtT- პედაგოგის შეფასების „აუცილებელი უნარები სამედიცინო განათლებაში, ორივე კურსს  უძღვებოდა პროფესორი დევიდ ტეილორი.
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 72-მა  მსმენელმა, საიდანაც 48 იყო თსსუ-ის წარმომადგენელი,  24 კი სხვა ინსტიტუციის  წარმომადგენელი:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი,თბილისის სამედიცინო აკადემია, ევროპის უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

--------------------------------------------------------------------------------------------

ESME Leadership  კურსი

2021 წლის დეკემბერში ონლაინ ჩატარდა  ESME ლიდერშიფ კურსი.
კურსი ითვალისწინებს ლიდერშიფის  და მენეჯმენტის ძირითად ასპექტებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, რომ გახდნენ უფრო ეფექტური ლიდერები.
ტრენინგს უძღვებოდნენ სამედიცინო განათლების პროფესორები ჯუდი მაკკიმი, რომელიც ბოლო ათი წელია არის  ASME-სა და AMEE-ის   საერთაშორისო ლიდერშიფის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და პოლ ჯონსი. მათ აქვთ სტრატეგიული მმართველობის და ლიდერშიფის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. 
ტრენინში მონაწილეობა მიიღო 28-მა  მსმენელმა, საიდანაც 15 იყო თსსუ-ის წარმომადგენელი,  13 კი სხვა ინსტიტუციის  წარმომადგენელი:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


ESME  კურსები 2022


ESME საბაზისო კურსი 

დიდი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე  2022 წლის აპრილში დამწყებთათვის  ჩატარდა მე-5 ESME საბაზისო კურსი. კურსს  ონლაინ რეჟიმში უძღვებოდა AMEE– ს პრეზიდენტი, პროფესორი ტრევორ გიბსი. კურსს დაესწრო 21 მონაწილე, მათ შორის 12 იყო თსსუ-ის წარმომადგენელი, 9 მონაწილე კი სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი: თბილისის სამედიცინო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი.
--------------------------------------------------------------------------------------------


ESMEA კურსი

2022 წლის მაისში ჩატარდა რიგით მე-3 ESMEA  კურსი “შეფასების აუცილებელი უნარები სამედიცინო განათლებაში “. ტრენინგს უძღვებოდა  AMEE– ს პრეზიდენტი პროფესორი ტრევორ გიბსი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 16-მა  მსმენელმა, საიდანაც 5 იყო თსსუ-ის წარმომადგენელი,  11 კი სხვა ინსტიტუციის  წარმომადგენელი: თბილისის სამედიცინო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, კავკასიის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი.

ESME Leadership  კურსი 
2022 წლის ივნისში ონლაინ ჩატარდა რიგით მეორე ESME ლიდერშიფ კურსი.
ტრენინგს უძღვებოდნენ სამედიცინო განათლების პროფესორები ჯუდი მაკკიმი, რომელიც  ათ წელზე მეტია არის  AMEE-ს   საერთაშორისო ლიდერშიფის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და პოლ ჯონსი. 
ტრენინში მონაწილეობა მიიღო 28-მა  მსმენელმა, საიდანაც 14 იყო თსსუ-ის წარმომადგენელი,  14 კი სხვა ინსტიტუციის  წარმომადგენელი:  თბილისის სამედიცინო აკადემია,ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი,ალტე უნივერსიტეტი. 
კურსს ასევე ესწრებოდნენ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, რაც ცენტრის ცნობადობის და ინეტრნაციონალიზაციის გაძლიერების მაჩვენებელია.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ცენტრის დაარსებიდან დღემდე  ESME კურსები გაიარა   საქართველოს, აზერბაიჯანის და ერევნის  18  უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის 200-მდე  წარმომადგენელმა.

43 მონაწილემ უკვე მოიპოვა AMEE სპეციალისტის სერთიფიკატი სამედიცინო განათლებაში, მათ შორის 26 არის თსსუ-ის თანამშრომელი.

დაგეგმილი კურსები:
2022  წელს   დაგეგმილია კიდევ  4  ESME კურსის ჩატარება.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 

ცენტრის ხელმძღვანელი - გაიანე სიმონია g.simonia@tsmu.edu
ცენტრის თანახელმძღვანელი- სალომე ვორონოვი s.voronovi@tsmu.edu