საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. თსსუ 17 უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველ საუნივერსიტეტო კონკურსში - UNI4VERSE, რომლის თემაც წელს მწვანე ტექნოლოგიებია. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის წესების და პირობების გაცნობა დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე ჩატარდა მოკლე ლექცია/ტრენინგი მწვანე ეკონომიკის საკითხებში.

კონკურსი იწყება 3 ოქტომბერს და მისი მიზანია გაზარდოს უნივერსიტეტებისა და სტუდენტების დაინტერესება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ, ასევე გამოავლინოს წლის საუკეთესო უნივერსიტეტი.

2024 წლის მთავარი თემა არის „მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები“. პროექტი ორიენტირებულია მწვანე ეკონომიკის გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაზე, ინოვაციური სტარტაპ იდეების ჩამოყალიბებაზე და ფინალურ საუნივერსიტეტო კონკურსზე.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

იდენტიფიცირებული გამოწვევები:

მზის და თბური ენერგიის ათვისება/ეფექტრიანობის გაზრდა და მონიტორინგი (საუნივერსიტეტო სივრცეებში)

საყოფაცხოვრებო და სამეურნეო (სოფლის მეურნეობა/მრეწველობა) ნარჩენების ენერგეტიკული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება

საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის მოხმარების მართვა და მონიტორინგი

სამშენებლო ნარჩენების ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და მონიტორინგი. 

მწვანე მობილობის (სამგზავრო და სატვირთო) გაუმჯობესება.

 სტუდენტური გუნდები ირჩევენ ერთერთ გამოწვევას და მუშაობენ მის ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.

სარეგისტრაციო ბმული: https://apps.mygita.ge/zs/dKBTC0