9 ოქტომბერს თსსუ-ში საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა

2024 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო პროექტებზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკებში პაციენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია კლინიკური ფარმაციის განვითარება. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ ასოციაციის საქმიანობის შესახებ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და ამ მიმართულებით, ხელი შევუწყოთ სფეროს წინსვლას“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

ამის შემდეგ, აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ. მან საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია კლინიკური ფარმაციის ცნობადობის ამაღლება. თამაზ ჭუმბურიძემ ხაზი გაუსვა კლინიკური ფარმაცევტებისა და კლინიკებს შორის კავშირის დამყარების მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრა კლინიკური ფარმაცევტების მომზადების შესაძლებლობებზე კლინიკების სპეციფიკის გათვალისწინებით. საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც კლინიკური ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა აქვს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელსაც კლინიკური ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა აქვს

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და კლინიკური ფარმაცევტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს: თსსუ-ის სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ირინე კვაჭაძემ; თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ; „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვის კოორდინატორმა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტმა თეა კობახიძემ; „პსპ“ აკადემიის მენეჯერმა, ფარმაციის დოქტორმა ეკა ფრუიძემ და „ავერსი-ფარმას” სასწავლო პროგრამების მენეჯერმა, ფარმაცევტმა ლალი დათეშიძემ. საქართველოს კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაციის შეხვედრას მოდერატორობას უწევდა თსსუ-ის მაგისტრანტი ლიზი თომაძე.