2024 წლის 12-16 ოქტომბერს სანტა მარგარიტა - პორტოფინოში (იტალია) ჩატარდა XVI საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“.
წლევანდელი კონფერენციის თემა გახლდათ: გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილებები და სასურსათო უსაფრთხოების სამედიცინო-ეკოლოგიური გამოწვევები.
ღონისძიება გახსნა კონფერენციის სპიკერმა, თსსუ-ის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გიორგობიანმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი; თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გორგასლიძე და დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი.
განვლილი კონფერენციების მსგავსად, წელსაც ღონისძიების პროგრამა მეტად მრავალფეროვანი იყო. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს: საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, პროფესორ ავთანდილ კოჭლამაზაშვილის; თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის, დავით ცხომელიძის; ივ. ბერიტაშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რადიო-ბიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა ნიკოლაიშვილის; თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რუსუდან ბერიაშვილის; პროფესორ რამაზ ყურაშვილის; პროფესორ ნანა გორგასლიძის; ასოცირებული პროფესორის, მარინა გიორგობიანის და ასისტენტ-პროფესორების: თამარ დარსანიას და ნატალია გარუჩავას მოხსენებებმა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას თსსუ-ის სტუდენტები იღებდნენ.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.