პროფესორ რამაზ შენგელიას ვიზიტი გიოტინგენის უნივერსიტეტში

2024 წლის 13-18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი რამაზ შენგელია  სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.  ვიზიტის ორგანიზატორი გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის პროფესორი ოტტო რინჰოფი იყო. 

პროფესორმა რამაზ შენგელიამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრებში რომელიც ეძღვნებოდა სამედიცინო ინფორმატიკის, დიგიტალიზაციისა და მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აქტუალურ საკითხებს.

გერმანიაში ვიზიტისას თსსუ-ის პროფესორი შეხვდა გიოტინგენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ვოლფგანგ ბრიუკს, მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ დაგმარ კრეფტინგს და ვიცე დეკანს პროფესორ მარტინ ოპერმანს. შეხვედრისას გერმანული მხარის მიერ გამოითქვა  თანამშრომლობის სურვილი.  

,,შემოთავაზებული იქნა ფართო მასშტაბის თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს თბილისის სახელმწფიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ფონდის დიგიტალიზაციას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო-ჰუმანიტარულ დისციპლინებში და ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, -აღნიშნა პროფესორმა რამაზ შენგელიამ.

გიოტინგენის უნივერსიტეტში ვიზიტისას პროფესორმა რამაზ შენგელიამ, ასევე, წარადგინა მოხსენება -,,საქართველო: გერმანელი ექიმები და ფარმაცევტები“.