2024 წლის 12-13 ნოემბერს ლიონში (საფრანგეთი) ჩატარდა დიპლომისშემდგომი განათლების კურსი ,,კლინიკურ პრაქტიკაში ფაგოთერაპიის გამოყენების მტკიცებულება-ეფექტურობის გზები და ეფექტური გამოყენება“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) და ევროპის არატრადიციული ანტიმიკრობული თერაპიის ჯგუფის მიერ (ESGNTA).
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ დიდბარიძემ და თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა ელენე პაჭკორიამ. დიპლომისშემდგომი განათლების კურსი დიდი საერთაშორისო ჩართულობით გამოირჩეოდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, შვედეთის, ისრაელის, პოლონეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, გერმანიის, ნიდერლანდების ინფექციონისტები, კლინიკური ფარმაკოლოგები, მიკრობიოლოგები და მედიცინის სხვა დარგის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაშუქდა ფაგოთერაპიის მკურნალობის ისეთი თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები, როგორიცაა ფაგის ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკის შესწავლა, ფაგოგრამის სტანდარტიზაცია და ფაგოთერაპიის რეგულირება საკანონმდებლო დონეზე.
,,გავეცანით კლინიკურ კვლევებს (მესამე ფაზა), რომელიც ხორციელდება ბაქტერიემიის, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის (VAP), იმპლანტ-ასოცირებული ინფექციების, დიაბეტური ტერფის და ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში ფაგების გამოყენებით. მივიღეთ აქტიური მონაწილეობა კლინიკური შემთხვევების განხილვაში“, - აღნიშნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.