თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თანამშრომლების ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

2024 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის  თანამშრომლების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ემორის მედიცინის სკოლაში, ატლანტა (აშშ). 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მცირე ჯგუფების კოორდინატორი,  აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე    სალომე ვორონოვი;   მოდულის "გულსისხლძარღვთა სისტემა" კოორდინატორი, სუბინტერნშიფის ,,შინაგანი მედიცინა“ მოწვეული მასწავლებელი, ნინო ქანთარია;  კლინიკური კლერკშიფის ,,გადაუდებელი მედიცინა“  მოწვეული მასწავლებელი ნიკოლოზ კვაჭაძე და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსის "გახდი ექიმი"  კოორდინატორი ნათია გონაშვილი. ვიზიტი განხორციელდა თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში.

აშშ-ში თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილეს, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს, აღმასრულებელი კურიკულუმის კომიტეტის წევრებს; მეგან ჰენს, დევიდ შულმანს და კეტრინ გარბერს. შეხვედრებზე განიხილეს ემორის მედიცინის სკოლის კურიკულუმის სპეციფიკა და პრეკლინიკურ  ეტაპზე გამოყენებული სწავლების მეთოდები. ქართული მხარე დაესწრო გუნდზე დაფუძნებული სწავლებით (Team Based Learning) მიმდინარე სესიებს, დაათვალიერეს ანატომიის ლაბორატორია, სადაც სწავლება მიმდინარეობს ჰოლოლენს (3D) ვირტუალური რეალობის პროგრამული უზრუნველყოფით.

ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო გაცნობითი ტური გრეიდის ჰოსპიტალში, სადაც თსსუ-ის წარმომადგენლებმა შინაგანი მედიცინის და ნეფროლოგიის გუნდებთან ერთად განახორციელეს პაციენტთა შემოვლა,  ასევე, ისინი დაესწრნენ ქლერქშიფის საორიენტაციო შეხვედრას, რომელიც მოიცავდა კლინიკაში სტუდენტის როლისა და პასუხისმგებლობების აღწერას და კიდევ ერთხელ გაეცნენ პაციენტის ანამნეზის შეკრების, ფიზიკური გასინჯვის, ისტორიის წერისა და მოხსენების დეტალებს.  

გრეიდის ჰოსპიტალში ქართველმა პედაგოგებმა, ასევე, დაათვალიერეს ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, შეხვდნენ დეპარტამენტის  ხელმძღვანელს, პროფესორ დუგლას ანდერს, დაესწრნენ  კლინიკური შემთხვევების განხილვას და ადგილზე დააკვირდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმ სტუდენტების ჩართულობას პაციენტთა მართვის პროცესში, რომლებიც ქლერქშიფის პროგრამით ფარგლებში იმყოფებოდნენ ემორის უნივერსიტეტში.

,,ვაკვირდებოდით სტუდენტთა ანგარიშგების და აქტივობების აღრიცხვის პროცესს. 

გვქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდით პაციენტთა დიაგნოსტირება/მართვისა და დისპოზიციის თანამედროვე ალგორითმებს. გავეცანით კლინიკაში ელექტრონული ისტორიის წარმოების წესს და სტუდენტების მიერ სამედიცინო ჩანაწერების შექმნის სპეციფიკურ ასპექტებს. ემორის უნივერსიტეტის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ მერი ჯო ლეკოვიჩთან შეხვედრისას განვიხილეთ კურსის „გახდი ექიმის“ პედაგოგების აკადემიური განვითარების მიდგომები. დავესწარით  მიმდინარე აკადემიური განვითარების სხდომას და აქტიურად ჩავერთეთ განხილვაში, სადაც ყურადღება იყო გამახვილებული ემპათიასა და პროფესიონალიზმზე“, - აღნიშნეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის  თანამშრომლებმა.

ვიზიტის დასასრულს თსსუ-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს სიმულაციური განათლების ცენტრი, შეხვდნენ დირექტორს ჯინა შენონს და დაესწრნენ პირველკურსელთა ოსკის მოსამზადებელ სესიას, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ სტანდარტიზებული პაციენტების დატრენინგების უახლეს მიდგომებს.