თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრის უფროსი სპეციალისტის ვიზიტი მიუნხენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

2024 წლის 8-9 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ კამკამიძე ესწრებოდა UNIcert®-ის 25-ე  ყოველწლიურ სემინარსა და UNIcert®-ის მე-19 ფორუმს. ღონისძიება გაიმართა  მიუნხენის (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. 

ფორუმის ფარგლებში თამარ კამკამიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ვორქშოფში  - ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უცხოური ენების სწავლების პროცესში“, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პოტენციალის განხილვა და მათი პრაქტიკული გამოყენების გააზრება საუნივერსიტეტო სწავლებისას.

,,ვორქშოფის პირველ დღეს გაიმართა თეორიული სესია, რომელიც შეეხებოდა ხელოვნურ ინტელექტს და ენების დიდ მოდელებს (LLM). აღნიშნულ სესიაზე განხილული იყო როგორც ტექნოლოგიის ძირითადი პრინციპები, ასევე მისი პოტენციური სარგებელი სასწავლო პროცესისთვის. კრიტიკულად განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალები. ვიმსჯელეთ ტექსტების სანდოობაზე და ხარისხზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კონტექსტში. 

ვორქშოფის მეორე დღე დაეთმო პრაქტიკულ სესიებს. პირველი სესია შეეხებოდა "პრომპტინგს", ანუ ხელოვნური ინტელექტისთვის სწორად ფორმულირებული მოთხოვნების წარდგენას. ეს უნარი განსაკუთრებით გამოსადეგია KI ინსტრუმენტების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებისთვის. შემდეგი სესია შეეხებოდა KI-ის მიერ შექმნილი მასალების ავთენტურობის, ქმედებაზე ორიენტირებულობისა და უნივერსიტეტში მათი სპეციფიკური გამოყენების განხილვას. ვორქშოფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ტექსტების კორექტირების პროცესს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით (მაგ., BingCopilot, QuillBot, DeepLWrite). განხილული იყო მათი ეფექტიანობისა და სწორი გამოყენების საკითხები. დღის ბოლოს, სამუშაო ჯგუფებმა წარმოვადგინეთ საკუთარი იდეები და შევაჯამეთ მიღწეული შედეგები“, - აღნიშნა თამარ კამკამიძემ.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური  ენების ცენტრი გახლავთ უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული უცხოური ენების ცენტრთა საერთაშორისო გაერთიანების AKS-ისა და საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო პროგრამა UNIcert®-ის წევრი.