სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციის რეგენტთა საბჭოს სხდომა

2024 წლის 6-7 დეკემბერს თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე და ვიცე-რექტორი კლინიკური საქმიანობის მიმართულებით, ბავშვთა და მოზარდთა ყბა-სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) ევროპის სექციის რეგისტრარის მარკ უაითის ოფიციალური მიწვევით, იმყოფებოდნენ  ათენში (საბერძნეთი).

თსსუ-ის  პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს  სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციის რეგენტთა საბჭოს სხდომაში.  

ცნობისთვის, პროფესორი მარინა მამალაძე ICD-ის ევროპული სექციის რეგენტად (მე-16 დამოუკიდებელი დისტრიქტის ხელმძღვანელად) 2023 წელს იქნა არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო სტომატოლოგთა ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

ICD-ის ევროპის სექციას რეგენტთა საბჭო მართავს, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მასზე სექციის პოლიტიკა, მიმდინარე საკითხები და მომავლის გეგმები განიხილება. თითოეული რეგენტი ვალდებულია საბჭოს მოახსენოს მისდამი დაქვემდებარებული რეგიონის საჭირბოროტო საკითხები.

პროფესორმა მარინა მამალაძემ რეგენტთა საბჭოს მოახსენა საქართველოში მე-16 დისტრიქტის წევრთა აქტივობების შესახებ, მადლობა გადაუხადა რეგენტთა საბჭოს წევრს, პროფესორ მაურო ლაბანკას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრობისა და ჩატარებული ლექციისთვის და საბჭოს სხვა წევრებთან ერთად მიულოცა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის უმაღლეს ორგანოში, საერთაშორისო საბჭოში (Global Council) ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე არჩევა. პროფესორმა მარინა მამალაძემ საბჭოს წევრებს, ასევე, გააცნო ის ქართველი სტომატოლოგები, რომლებიც ზალცბურგში, კოლეგიის 68-ე კონგრესზე წევრობის კანდიდატებად არიან წარდგენილნი.

საბჭოს სხდომის შემდეგ პროფესორი მარინა მამალაძე და თსსუ-ის ვიცე რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდნენ ICD -ის ევროპის სექციაში შემავალი უნივერსიტეტების პროფესორებს და განიხილეს ამ ორგანიზაციის ყოველწლიურ შეკრებებში უნივერსიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციების როლის მნიშვნელობა და დასახეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.