თსსუ-ის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

2025 წლის 14 თებერვალს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის,  ფარმაციის ფაკულტეტის და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი  პროგრამების 149 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონია  გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თქვენ არამხოლოდ მედიცინა შეისწავლეთ, არამედ განავითარეთ პროფესიული უნარები - ემპათია, სიმტკიცე, ღირსება. ეს ღირებულებები მთელი კარიერის განმავლობაში თქვენი მეგზური იქნება.  

თქვენი  პროფესია წარმოადგენს შემეცნების და განვითარების უწყვეტ პროცესს, თქვენი ყოველდღიურობა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის სიცოცხლის გაუმჯობესებისადმი სწრაფვას.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ელჩებმა  გააგრძელეთ თქვენი alma mater-ის მემკვიდრეობა,  მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები იყოს თქვენი მეგზური პროფესიული სრულყოფისა და განვითარების გზაზე,“ - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა.

სტუდენტებს, ასევე, სიტყვით მიმართეს: ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ინგა კახნიაშვილმა. 

ტრადიციულად, ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებმა  საზეიმოდ დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს  წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!