სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის წერილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N 1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თეა გეგენავა, პოსტდოქტორალური მკვლევარის სტატუსით, კარდიოლოგიისა და კარდიოვასკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში 4 თვით იმყოფებოდა.

თეა გეგენავას ვიზიტის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  ოფიციალური წერილი მიიღო სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორისგან, კუუნ ნიუმანისგან (MD, PhD).

გთავაზობთ ნაწყვეტს წერილიდან:

"პროგრამის დაწყებისთანავე თეა გეგენავა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და ეფექტიანობით. იგი მალევე გახდა ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრი. თანამშრომლობა მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, რის გამოც მისი თავდაპირველი ხუთთვიანი კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდა. მისმა კლინიკურმა და სამეცნიერო გამოცდილებამ ხელი შეუწყო ჩვენი კვლევების განხორციელებასა და განვითარებას. ჩამოსვლის შემდეგ, თეამ გაიარა შესაბამისი ტრენინგები და ჩააბარა ყველა აუცილებელი გამოცდა, რაც სტენფორდის უნივერსიტეტში კლინიკურ პროექტებზე მომუშავე ექიმი-მკვლევარებისთვის სავალდებულოა.

თეა გეგენავა მუშაობდა მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ეხებოდა არაკომპაქტური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტების ფენოტიპირებას მულტიმოდალური დიაგნოსტიკური საშუალებების გამოყენებით. გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა კორონარული არტერიების დაავადების პერფუზიული დიაგნოსტიკის პროექტში. თეამ ჩამოაყალიბა სტენფორდის არაკომპაქტური კარდიომიოპათიის კლინიკური მონაცემთა ბაზა და ჩაატარა ამ პაციენტების გულის მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) და კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოკვლევების ანალიზი. საერთო ჯამში, მან შეაფასა 225 პაციენტის MRI და 150 პაციენტის CT მონაცემები, ასევე გაანალიზა მათი ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევები და ჩაატარა სტატისტიკური მონაცემთა ანალიზი. მიღებული შედეგების ნაწილი უკვე გამოქვეყნდა, ხოლო ნაწილი მზადდება პუბლიკაციისთვის. ჩვენი კვლევის შედეგებს იგი მალე წარადგენს ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის კონგრესზე.

თეა გეგენავა აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო შეხვედრებსა და დისკუსიებში, მისი იდეები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აღმოჩნდა ჩვენი დეპარტამენტის სამეცნიერო პროექტების განვითარებისთვის. იგი რეგულარულად ესწრებოდა და მონაწილეობდა კარდიოლოგიისა და მაგნიტურ-რეზონანსული განყოფილების გრანდ რაუნდებში. ჰოსპიტალში თეა აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პაციენტების გულის MRI და ნუკლეარული კარდიოვასკულური კვლევების შედეგების ინტერპრეტაციაში.

ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ექიმ თეა გეგენავასთან უაღრესად ნაყოფიერი იყო და დარწმუნებული ვარ, იგი მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება,"— ნათქვამია სტენფორდის უნივერსიტეტიდან მიღებულ წერილში.

ამჟამად თეა გეგენავა დისტანციურად განაგრძობს თანამშრომლობას სტენფორდის კლინიკის გუნდთან  და უახლოეს მომავალში, სხვა პროექტებზე მუშაობის მიზნით კვლავ გეგმავს  აშშ-ში გამგზავრებას.