წარმატებული მეცნიერი ქალის ტიტული მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის

მიკრობიოლოგიის დარგის განვითარებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ თამარ დიდბარიძეს 2024 წლის წარმატებული მეცნიერი ქალის ტიტული მიენიჭა.

„ვეცდები, მთელი წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარო ეს ტიტული. ასევე ვეცდები უფრო მეტი რამ გავაკეთო მიკრობიოლოგიის დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა თამარ დიდბარიძემ სიტყვით გამოსვლისას, როდესაც მას თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მადლობის სიგელი გადასცა. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 11 თებერვალი ყოველწლიურად მეცნიერ-ქალთა დღედაა გამოცხადებული. აღნიშნული დღე ეძღვნება ქალებს, რომლებიც მეცნიერულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში წარმატებებს აღწევენ. 

აღნიშნულ თარიღს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველწლიურად უერთდება, რითაც ხაზს უსვამს ქალების როლს მეცნიერებაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც ყოველწლიურად ავლენს მეცნიერ ქალს, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პროფესიული საქმიანობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური კვლევებით. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ თამარ დიდბარიძეს მიღწეულ წარმატებას.