თსსუ და იზმირის თინაზტეპეს უნივერსიტეტი თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და იზმირის თინაზტეპეს უნივერსიტეტის  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება - ეს ის სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივებია, რაზეც მხარეებმა იზმირში გამართულ შეხვედრებზე იმსჯელეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე წარმოადგენდა. იზმირის თინაზტეპეს უნივერსიტეტს კი რექტორი, პროფესორი მუსტაფა გუვენჩერი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორები.

„ვიზიტი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვინაიდან გამოიკვეთა თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ორივე ინსტიტუციის ინტერესებში შედის. იმედს გამოვთქვამ, რომ მიღწეული შეთანხმებები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების აკადემიური და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას“, - აღნიშნა თსსუ-ის პროფესორმა თამარ სანიკიძემ. 

შეხვედრების გარდა, თურქეთში ვიზიტის დროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ სანიკიძემ იზმირის თინაზტეპეს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები თემაზე: „ცოცხალ ორგანიზმზე მაიონიზებელი გამოსხივების ეფექტები და რადიაციული დაცვა“. 

თსსუ-ის პროფესორმა თეორიული ასპექტების შესახებ ისაუბრა და თინაზტეპეს უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული მაგალითებიც გაუზიარა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ სანიკიძის ვიზიტი  Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ეს იყო პირველი ვიზიტი თსსუ-სა და თინაზტეპეს უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA 171 ინტერ-ინსტიტუციური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.