თსსუ-ში „ჰორიზონტი ევროპის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ პროექტების შესახებ.  ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების ინფორმირებას და მათი ჩართულობის გაზრდას ჯანმრთელობის მიმართულებით მიმდინარე საგრანტო კონკურსებში. 

შეხვედრა გახსნა „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, რომელმაც  პროგრამის სტრატეგიულ მიზნებსა და  შინაარსზე ისაუბრა.

ნინო როდონაიამ, Widening-ისა და ევროპული კვლევითი სივრცის გაფართოების საკონტაქტო პირმა, დეტალურად მიმოიხილა მიმდინარე საგრანტო კონკურსები, განსაკუთრებული აქცენტები გააკეთა Widening-ისა და ჯანმრთელობის თემაზე, ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და შესაბამის თემატურ პრიორიტეტებზე.

თსსუ-ის „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო ოფისის კოორდინატორმა, ნიკოლოზ ვაჩაძემ ისაუბრა ჯანმრთელობის მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსებში განაცხადის წარდგენის და მომზადების პროცედურელ საკითხებზე.  მისი მოხსენება მნიშვნელოვანი პრაქტიკული გზამკვლევი აღმოჩნდა მონაწილეებისთვის.

მონაწილეთა შეფასებით მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო კვლევით პროგრამებში ჩართულობის გზებზე და დაფინანსების მიღების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრა თსსუ-ის დოქტორანტებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან ჩაატაროს.

„ჰორიზონტი ევროპა“  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სფეროში მთავარი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 2021-2027 წლებისთვის 95.5 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამა მიზნად ისახავს ევროპული კვლევითი და ინოვაციური სივრცის განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნასა და გავრცელებას.