ნეიროგანვითარების დარღვევების გენეტიკის მე-19 ტროინას შეხვედრაზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად აქტიური მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გენეტიკოსებმაც მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების ინიცირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თსსუ-ის და ზოგადად, საქართველოს ჩართულობას იშვიათი გენეტიკური დარღვევების კვლევის პროცესში.
კონფერენციის პლენარულ სესიაზე თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ წარადგინა ზეპირი მოხსენება - „გენეტიკის და ეპიგენეტიკის ორკესტრი კლინიკური პერსპექტივიდან: გაკვეთილები რუბინშტეინ-ტაიბის და კორნელია დე ლანგეს სინდრომებიდან“. კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის დოქტორანტმა კახა ბრეგვაძემ, რომელმაც მონაწილეებს გააცნო კვლევა, სახელწოდებით „დნმ-ის მეთილირების არე, როგორც პირველი რიგის დიაგნოსტიკური საშუალება განვითარების შეფერხებით მიმდინარე მდგომარეობების დროს“.
ნეიროგანვითარების დარღვევების გენეტიკის მე-19 ტროინას შეხვედრაზე მონაწილეობდნენ გენეტიკის, გენომიკისა და ბავშვთა ნევროლოგიის სფეროში მოღვაწე წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის სესიები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მყიფე X სინდრომის ფარმაკოლოგიური თერაპია, ეპილეფსია და კორტიკალური მალფორმაციები, აუტიზმის გენეტიკური და ეპიგენეტიკური საფუძვლები, ხელოვნური ინტელექტის როლი ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვების დიაგნოსტიკასა და თერაპიაში, GABA რეცეპტორთან დაკავშირებული ეპილეფსიების ტარგეტული თერაპია და ნეიროგანვითარების შეფერხებით მიმდინარე სინდრომების ეპიგენეტიკური ასპექტები.
‘’კონფერენციის ფარგლებში აღინიშნა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და დაისახა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები ნიდერლანდელ და იტალიელ კოლეგებთან. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ჩართვას ნეიროგანვითარების შეფერხებით მიმდინარე იშვიათი გენეტიკური დაავადებების საერთაშორისო კვლევებში,“ — აღნიშნა პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ.
ნეიროგანვითარების დარღვევების გენეტიკის მე-19 ტროინას შეხვედრა, 3-5 აპრილს, იტალიაში, ქალაქ ტროინაში გაიმართა.
იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი