საერთაშორისო სკოლების მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საერთაშორისო სკოლების, მათ შორის ომანის სკოლისა და კატარის Future Science School-ის 100-ზე მეტ მოსწავლეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.  2 დღის განმავლობაში, 14-15 აპრილს, თსსუ-ში სტუმრებისთვის სპეციალური აქტივობები და ღონისძიებები გაიმართა. 

მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის განყოფილების წარმომადგენლებს, ასევე ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის მომავალი პროექტებისა  და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

შეხვედრას სახალისო/შემეცნებითი კომპონენტიც ჰქონდა. ჩატარდა ვიქტორინა და სწორი პასუხების ავტორ მოსწავლეებს საჩუქრებიც გადაეცათ.

სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სტუდენტური ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. ეწვივნენ თსსუ-ის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს. ასევე ესტუმრნენ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს,  სადაც მიიღეს ინფორმაცია თუ რას მოიცავს პირველადი დახმარება და ცენტრის სპეცილისტების დახმარებით, თავადაც შეასრულეს მანიპულაციები მულაჟებზე.

მოსწავლეებს ფარმაციის ფაკულტეტის პროფილურმა დეპარტამენტებმაც უმასპინძლეს, სადაც სტუმრებს გააცნეს საინტერესო ფაქტები ფარმაცევტული ბოტანიკის და ფარმაცევტული ტექნოლოგიების შესახებ. ასევე, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა სახის მარტივი ცდები ჩაეტარებინათ.