თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია, Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კლაიპედას უნივერსიტეტს (ლიეტუვა) ეწვია. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო აქტივობები, ჩამოყალიბდა ახალი პროფესიული კავშირები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტთან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დალი ჩიტაიშვილი და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგები — ლევან ახალკაცი და სოფიკო შაგიძე.
თსსუ-ის წარმომადგენლებმა კლაიპედას უნივერსიტეტში წაიკითხეს ლექციები და ჩაატარეს პრაქტიკული მეცადინეობები შემდეგ თემებზე:
„სიმულაციური სწავლების მნიშვნელობა მეანობა-გინეკოლოგიაში“-დალი ჩიტაიშვილი; „საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კლინიკური და ფუნქციური შეფასება (მხრის სარტყლისა და მუხლის არე)“-ლევან ახალკაცი; „პაციენტის კლინიკურ-ფუნქციური შეფასება ნეირორეაბილიტაციაში“- სოფიკო შაგიძე.
ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კლაიპედას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში—„22-ე საერთაშორისო კვირეული: კულტურული მოზაიკა განათლებაში“, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ. თსსუ-ის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტების დელეგაციების წევრებთან, რის შედეგადაც დაიგეგმა თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის — სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები.
„ვიზიტის დროს გამოიკვეთა თანამშრომლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. გვჯერა, რომ მიღწეული შეთანხმებები ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას,“— აღნიშნა პროფესორმა დალი ჩიტაიშვილმა.