თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო საერთაშორისო პლატფორმის – აბრეშუმის გზის უნივერსიტეტების ქსელი (SUN – Silk-Road Universities Network) დაინტერესდა. ქსელმა თსსუ-ის გაწევრიანება შესთავაზა.
ამ საკითხე თსსუ-ს სტუმრობდა აბრეშუმის გზის უნივერსიტეტების ქსელის გენერალური მდივანი, პროფესორი სუნგდონ ჰვანგი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა წევრობის უპირატესობებზე.
მისი თქმით, ქსელში გაწევრიანება უნივერსიტეტებს აძლევს შესაძლებლობას: გააძლიერონ საერთაშორისო ღირებულებები და კულტურათაშორისი თანამშრომლობა, ჩაერთონ გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობებში, უმასპინძლონ საერთაშორისო კონფერენციებს, ფორუმებსა და გაცვლით პროგრამებს, განავითარონ პარტნიორობა სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან.
შეხვედრის დასრულებისას მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში, SUN-ის წევრობა გააძლიერებს უნივერსიტეტის პოზიციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და ხელს შეუწყობს ინტეგრაციას გლობალურ აკადემიურ ქსელებში.
წევრობის შემთხვევაში, თანამშრომლობა მოიცავს თსსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტებისთვის დაგეგმილ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და აკადემიურ აქტივობებს.
SUN-ი 2015 წელს დაარსდა და დღეს 87 უნივერსიტეტსა და კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს მსოფლიოს 28 ქვეყნის 65 ქალაქში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერასა და სამეცნიერო-აკადემიური გამოცდილების გაზიარებას.