ჩინეთთან სამედიცინო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები

თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური უმაღლესი სასწავლებელია. აქ სამედიცინო განათლებას 84 ქვეყნის 3500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი იღებს. ეს სტატისტიკა, რომელიც თსსუ-ის მუდმივი ძალისხმევის შედეგია,  წლიდან წლამდე იზრდება. უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას და ქვეყნების დივერსიფიცირებას - ეს მიმართულება თსსუ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

‘’3500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი გვყავს 84 ქვეყნიდან. ეს არის ძალიან დიდი ინტერნაციონალური ოჯახი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების უფრო მეტად გაფართოება. ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დივერსიფიცირებას, ახალი ქვეყნების მოძიებას. ჩინეთიდან არც ერთი სტუდენტი არ გვყავს თსსუ-ში. გვინდა, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. ინტერესი ორმხრივია. ამას ემატება ისიც, რომ ჩინეთში 40 მილიონი აბიტურიენტი ყოველწლიურად რჩება უნივერსიტეტის გარეშე. ძალიან დიდ მასშტაბზეა საუბარი. ეს არის შესაძლებლობა, რომ ისინი მოვიზიდოთ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში.‘’ - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გადაცემაში ‘’ბიზნეს პარტნიორი’’ სტუმრობისას. 

პირველი ნაბიჯები ჩინეთთან სამედიცინო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მიმართულებით უკვე გადადგმულია. ივნისში თსსუ-ის დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა. ერთი კვირის განმავლობაში დელეგაციის წევრებმა, თსსუ-ის რექტორის ხელმძღვანელობით, კლინიკები და საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. განათლების ექსპორტი/სტუდენტების მოზიდვა - ეს თსსუ-ის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზანი იყო. კიდევ ერთი მიმართულება რაც გლობალურადაა აქტუალური ესაა - ტექნოლოგიები ზოგადად და ასევე ტექნოლოგიები მედიცინაში. ჩინეთში ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე დაინერგოს მკურნალობის ნაკლებ ინვაზიური მეთოდები.

ჩინეთიდან თსსუ-ის დეგელაცია კიდევ ერთი შედეგით დაბრუნდა.  ‘’ეს არის სტუდენტების გაცვლა. ჩინეთის მხარე გვთავაზობს, ერთ-ერთი მიმართულების - ფიზიკური მედიცინის და და რეაბილიტაციის ფაკულტეტის 20 სტუდენტი მიიღოს ყოველწლიურად. სწავლის და ცხოვრების ხარჯებს ჩინური მხარე აფინანსებს. სტუდენტმა მხოლოდ ბილეთი უნდა შეიძინოს. მემორანდუმს უახლოეს მომავალში გავაფორმებთ და ვიმედოვნებთ, რომ პირველი ნაკადი ახალი სემესტრიდან, სექტემბრიდან უკვე შეძლებს გამგზავრებას. ‘’ - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა 

თსსუ-ის სამიზნე ქვეყანა მხოლოდ ჩინეთი არ არის. უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტი მოიზიდოს ევროპის ქვეყნებიდანაც. მუშაობა დაწყებულია და უნვერსიტეტი შედეგებსაც ელოდება.

თსსუ-ის საერთაშორისო სტუდენტები და მათი პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე

რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტუდენტები? რა პირდაპირი თუ ირიბი წვლილი შეაქვთ მათ საქართველოს ეკონომიკაში? ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც გადაცემაში ‘’ბიზნეს პარტნიორი’’ გამახვილდა ყურადღება. 

‘’განათლების ექსპორტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ეწევა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაგალითად, სამედიცინო სფეროში სტუდენტები ჩამოდიან, სწავლობენ, იხდიან სწავლის საფასურს, ქირაობენ ბინას, ცხოვრობენ, მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით,  თანხას ხარჯავენ და ამით გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკაზე. არანაირი ჭარბი გამოშვება არ ხდება. სწავლის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტუდენტები მიემგზავრებიან. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეების კონკურენტები, არ ითვისებენ მათ სამუშაო ადგილებს.‘’ - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

ყველა უნივერსიტეტს საქართველოში აქვს განსაზღვრული ქვოტა, რამდენი საერთაშორისო სტუდენტი შეიძლება ჰყავდეს. ქვოტა რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება, მათ შორისაა აკადემიური პერსონალი და ინფრასტრუქტურა. თსსუ-ს აქვს რესურსი, როგორც აკადემიური, ისე ინფრასტრუქტურული, რომ ყოველწლიურად, არსებული 3500-ის გარდა, დამატებით 2500-3000 საერთაშორისო სტუდენტი ჰყავდეს.