თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და მკვლევართათვის ჩატარდა ლექცია თემაზე: "სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო აქტივობის შეფასების პრინციპები". შეხვედრას უძღვებოდა თსსუ-ის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი სოფიო ბახტაძე. მისი მოხსენება მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალის ინფორმირებას სამეცნიერო ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმებზე, პუბლიკაციის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებზე, ასევე ე.წ. “მტაცებელი” (predatory) ჟურნალებისა და კონფერენციების რისკებზე.
ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის კვლევითი რეპუტაციის გაძლიერებასა და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვას. თსსუ-ის რექტორმა აღნიშნა ის რისკები, რაც არასანდო ,,მტაცებელ“ ჟურნალებთან თანამშრომლობას უკავშირდება.
პროფესორ სოფიო ბახტაძის მოხსენება მოიცავდა დეტალურ მიმოხილვას სამეცნიერო პუბლიკაციის სრულ ციკლზე და პრაქტიკულ რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სამეცნიერო სტატიის სტრუქტურა და ენობრივი მოთხოვნები; ჟურნალის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები; ბიბლიომეტრიკული მაჩვენებლები (იმპაქტ ფაქტორი, ციტირების ინდექსი, ჰირშის ინდექსი); სამეცნიერო ჟურნალების ტიპები, მათ შორის ღია წვდომის და ჰიბრიდული მოდელები; სტატიის გავლენის შეფასების თანამედროვე მიდგომები (ალტმეტრიკა); ჟურნალების იდენტიფიცირების პლატფორმები (Scopus, Web of Science) ‘’მტაცებელი’’ ჟურნალებისა და კონფერენციების ამოცნობის მეთოდები და თავიდან აცილების პრაქტიკული გზები.
ე.წ. სამეცნიერო ხაფანგებს — ‘’მტაცებელ’’ ჟურნალებსა და კონფერენციებს, ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. აღინიშნა, რომ ასეთი გამოცემები და პლატფორმები ხშირად იყენებენ მაცდურ პრაქტიკებს, მათ შორის სწრაფი პუბლიკაციის შეთავაზებასა და არაპროფესიულ რეცენზირებას. ასეთი ხაფანგები სერიოზულ საფრთხეს უქმნის კვლევების სანდოობას და აზიანებს სამეცნიერო ეთიკის სტანდარტებს. პროფესორმა სოფიო ბახტაძემ აუდიტორიას გააცნო ციფრული პლატფორმები და ონლაინ რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს ‘’მტაცებელი’’ სამეცნიერო წყაროების დროულ იდენტიფიცირებასა და თავიდან აცილებას.