ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 2 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აბიტურიენტები ესტუმრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო ახლოს გაეცნოთ უნივერსიტეტი და სამედიცინო სწავლების გარემო.
აბიტურიენტები დილიდან შეიკრიბნენ უნივერსიტეტის ეზოში. სასწავლო კორპუსების საინფორომაციო-შემცენებითი ტური კლინიკური უნარ-ჩვევების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრიდან დაიწყო, სადაც მომავალმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ, მათ ჩაუტარდათ პრაქტიკული ტრენინგი თემაზე „პირველადი სამედიცინო დახმარება – სიცოცხლის გადასარჩენად“. ასევე სიმულაციური მანეკენების დახმარებით აბიტურიენტებმა გულის არაპირდაპირი მასაჟი გააკეთეს, სისხლდენა შეაცერეს და ჭრილობა დაამუშავეს და შეახვიეს.
ამის შემდეგ მათ გადაინაცვლეს „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმში“, სადაც გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს, რომელთა უმეტესობა საუკუნეების ისტორიის მატარებელია. აბიტურიენტები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ ანთროპოლოგიური მულაჟებით, ემბრიოლოგიური ექსპოზიციებით და ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი განვითარების ადრეული სტადიების ექსპონატებით. მიიღეს ინფორმაცია ბიოსამედიცინო კვლევებში ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მნიშვნელობაზე.
მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტში მომავალი სტუდენტები გაეცნენ გენომური მედიცინის მიღწევებს, რაც თანამედროვე სამედიცინო განათლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
მომავალი სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ, რომელიც ხორციელდება თსსუ-სა და აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის თანამშრომლობით და ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, აბიტურიენტები ეწვივნენ თსსუ-ის კულტურის ცენტრს და მიიღეს ინფორმაცია ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების შესახებ.
მომავალი სტუდენტების შეფასებით, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულმა საინფრომაციო- შემეცნებითმა ტურმა თსსუ-ში, მათ უნივერსიტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მისცა, მოტივაცია აუმაღლა და ხელი შეუწყო საბოლოო გადაწყვეტილებას - გახდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.