პროგრამის COST 2025 წლის გამარჯვებულ პროექტი “EU-Resolution Biology Network” (EU-RESOLVE) თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარების აქტიური მონაწილეობით განხორციელდება

“EU-Resolution Biology Network” (EU-RESOLVE) არის COST პროგრამის 2025 წლის გამარჯვებული პროექტი, რომლის წარდგენასა და განხორციელებაში გაერთიანებულია 132 მონაწილე ინსტიტუცია 38 ქვეყნიდან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარები. პროექტის კოორდინატორია  ‘’დედოფალი მარის ლონდონის უნივერსიტეტი’’.

რეზოლუციური ბიოლოგია წარმოადგენს მეცნიერების ახალ, ინტერდისციპლინურ მიმართულებას, რომელიც ფოკუსირებულია ორგანიზმში ანთებითი რეაქციების სწრაფ დასრულებასა და დაზიანებული ქსოვილების ეფექტიან აღდგენაზე. აღნიშნული დარგი აერთიანებს სიცოცხლის შემსწავლელი, სამედიცინო და გამოყენებითი მეცნიერებების სხვადასხვა სფეროებს. პროექტი მიზნად ისახავს ღია პლატფორმის შექმნას, რომელიც გააერთიანებს ცოდნასა და ექსპერტიზას რეზოლუციური ბიოლოგიის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით.

COST (ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში) არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. იგი მეცნიერებსა და ინოვატორებს აძლევს საშუალებას, ჩამოაყალიბონ ინტერდისციპლინარული კვლევითი ქსელები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. COST პროგრამით ფინანსდება კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, სასწავლო სკოლები, სამეცნიერო ვიზიტები და სხვა ტიპის ქსელური აქტივობები. აღნიშნული, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო კონსორციუმების ჩამოყალიბებას ევროკომისიის სხვა საგრანტო კონკურსებში (ჰორიზონტი ევროპა, ერასზმუს+) მონაწილეობისთვის. 

რეზოლუციური ბიოლოგიის ქსელი, განმახორციელებელი ინსტიტუციების აქტიური ჩართულობით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და მეცნიერ-მკვლევართა ახალი თაობის მომზადებას.