თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ტრადიციული საქველმოქმედო აქცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, პარტნიორ კლინიკებთან ერთად,  მორიგი - 31-ე  ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური უფასო გამოკვლევები - ამჯერად სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანმა ჯგუფმა, მათ შორის, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო კარანაძემ, ამავე დეპარტამენტის მოწვეულმა პედაგოგმა, ქეთევან ტყებუჩავამ და ლაბორანტმა ნინო ჯანყარაშვილმა. მათ 143 ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და  დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს. 

ასევე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ  გადაეცათ 316 სათვალე და 27 გლუკომეტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას - ‘’საქართველოს’’ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - ‘’საქართველომ’’ ჯამში 31 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ამ პერიოდში მათ 3906 ბენეფიციარს გაუწიეს კვალიფიციური დახმარება.