პროფესორ ზურაბ ნადარეიშვილის საჯარო ლექცია თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვირჯინიის (აშშ) ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და ნევროლოგიის კლინიკური პროფესორი  ზურაბ ნადარეიშვილი ეწვია.  

პროფესორმა ნადარეიშვილმა თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „იშემიური ინსულტის მკურნალობა და მეორადი პრევენცია“.

ლექციის დასაწყისში პროფესორმა ნადარეიშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ორმაგად სასიხარულოა დაბრუნება საკუთარ ალმა მატერში — უნივერსიტეტში, რომელმაც მედიცინისადმი სიყვარული და პროფესიული პასუხისმგებლობა ასწავლა.

ლექციის ძირითად ნაწილში პროფესორმა ნადარეიშვილმა ფართო სპექტრით გაშალა იშემიური ინსულტის კლინიკური და კვლევითი ასპექტები: მიმოიხილა ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, დიაგნოსტიკური ალგორითმები, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და პრევენციული სტრატეგიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ შემუშავებულ ინსულტის შეფასების სკალას და იმ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მეთოდებს, რომლებიც დღეს ინსულტის მართვის საერთაშორისო სტანდარტად ითვლება. პრეზენტაცია გამდიდრებული იყო უახლესი კლინიკური კვლევების მონაცემებით, ვიზუალური მასალებითა და რეალური კლინიკური შემთხვევების ანალიზით.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი შეხვდა თსსუ-ის რექტორს.  მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, კლინიკური გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით.