თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი და ემოციური დღე აჩუქა თავის კურსდამთავრებულებს.
საზეიმოდ მორთული თსსუ-ის თეატრალური დარბაზი და ეზო იმ სივრცედ იქცა, სადაც სტუდენტებმა გაიაზრეს თსსუ-ში გატარებული წლების ძალისხმევის შედეგი - დღეს ისინი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთვარებულები არიან და პროფესიულ გზაზე ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
2025 წლის 18 ივლისს მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების და საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების 766 სტუდენტის გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფერადი დეკორაციები და მუსიკა ერთიანად ქმნიდა იმ ემოციურ გარემოს, სადაც თითოეული დეტალი ამ დღის განსაკუთრებულობას გამოხატავდა.
ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. ის ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, კურსდამთავრებულებს და მათ მშობლებს მიეისალმა. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი შრომისა და პროფესიული ზრდის მნიშვნელობას.
„განსაკუთრებული სითბოთი მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო. დღეს არის თქვენი დღე — დღე, რომელიც სიმბოლურად ასრულებს ერთ მნიშვნელოვან ეტაპს თქვენს ცხოვრებაში. თსსუ-ში სწავლა მარტივი არასდროს არ არის. ეს გზა მოითხოვს დიდ შრომას, ნებისყოფას და მორალურ სიმტკიცეს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ დიდი მიზნების მიღწევა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს — ისინი თქვენი ყველაზე დიდი საყრდენი იყვნენ ამ გზაზე.
ასევე, მადლობა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებმაც მაქსიმალურად სცადეს, ეს წლები თქვენთვის ყოფილიყო არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ პიროვნული ზრდის ეტაპიც.
გთხოვთ, იყავით მუდამ გულისხმიერები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ემსახურებით.
ჩემი გულწრფელი რჩევაა — არასოდეს დაკმაყოფილდეთ მიღწეულით. მედიცინა ყოველდღიურად იცვლება და სწრაფად ვითარდება. განვითარდით, ისწავლეთ და იყავით მოწინავე პოზიციებზე.
წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე. წინ ბევრი ახალი გზა, ახალი მიზნები და ახალი გამარჯვებები გელით. გახსოვდეთ — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის იამაყებს თქვენი წარმატებით“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები, მეგობრები. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საკანონდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპი მიულოცეს განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა.
„გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს! დღეს სრულდება თქვენი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი — გზა, რომელზეც დაგროვილი ცოდნა უკვე პრაქტიკაში უნდა განახორციელოთ.
მადლობა თქვენს პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი ენერგია, ცოდნა ჩადეს თქვენში. სწორედ ამ უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდნენ ექიმები, რომელთაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი, რომლებიც დღესაც ამაყად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას.
არ არსებობს უსარგებლო პროფესიები — მაგრამ არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესია. ექიმობა არ არის უბრალოდ კარიერა — ეს არის მოწოდება, პასუხისმგებლობა და თავდადება.
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია — ხელი შევუწყოთ განათლებისა და განვითარების პროცესს. ეს არის გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარებული სახელმწიფოების რიგში დააყენებს. ამისთვის კი საჭიროა განათლებული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი თაობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინის სფეროში.
თქვენი ცოდნა და გამოცდილება უნდა მოახმაროთ საქართველოს განვითარებას.
ის, რაც ამ კედლებში შეიძინეთ — შეიძლება იქცეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის, გაძლიერებისა და დახვეწის საფუძველი. ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნიან საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა — თქვენ არასდროს დაივიწყებთ ჰიპოკრატეს ფიცს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
კურსამდთავრებულებს სიტყვთ მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ:
„ერთადერთი პროფესია, რომელსაც შეიძლება შევნატროდე და ვაყენებდე პირველ ადგილზე – ეს არის ექიმის პროფესია. გილოცავთ ამ ღირსეული ხარისხის მოპოვებას! ეს არის უზარმაზარი პატივი, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობა.
გისურვებთ პროფესიულ წარმატებას, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს და მადლიერ პაციენტებს, რომლებიც თქვენი ადამიანურობით და პროფესიონალიზმით დაგაფასებენ.
მინდა გულწრფელად გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტით და ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით, ისინი ცვლიან ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. ჩვენი ერი ამაყობს ამ ადამიანებით, რომლის ალმა-მატერიც ეს უნივერსიტეტია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
გამოსაშვებ ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს მიმართეს ფაკულტეტების დეკანებმა. მათ ახალგაზრდებს პროფესიული წარმატება უსურვეს. მოუწოდეს, ღირსეულად ატარონ თსსუ-ის სახელი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე: „გილოცავთ! წინ საინტერესო გზა გელით. ცხოვრებაში სირთულეები შეგხვდებათ, თუმცა სწორედ ეს გამოწვევებია, რაც ადამიანს აყალიბებს პროფესიონალად. გჯეროდეთ საკუთარი თავის და აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობთ.“
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა ყიფიანი: „თსსუ ერთი დიდი ოჯახია და თქვენ უკვე ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ხართ. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ატარებთ თსსუ-ის სახელს. გისურვებთ წარმატებებს და მრავალ პროფესიულ მიღწევას!“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეკანი, პროფესორი დავით ზარნაძე: „ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, თქვენთვის გადმოგვეცა საჭირო ცოდნა. გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ, რომ ყველგან და ყოველთვის საჭირო ადამიანები იყოთ.“
ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე: „მადლობა ერთად გატარებული წლებისთვის. მადლობა, რომ აგვირჩიეთ. არ შეჩერდეთ, არ შეშინდეთ, ხელი არ ჩაიქნიოთ და ღირსება არასდროს დაკარგოთ. ეძიეთ საკუთარი თავი — ეს არის თქვენი ცხოვრება.“
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია: „თქვენ არაერთხელ დაგჭირდებათ გუნდური მუშაობა — იმოქმედეთ ერთად, თქვენი პროფესიული უნარების გამოყენებით. ამ წლების განმავლობაში ბევრ პროექტში იყავით ჩართული. მადლობა, ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის.“
საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი მედეა ჯღარკავა: „თქვენ ხართ ის ძირითადი რგოლი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის წარმატებას განაპირობებს. გახსოვდეთ — თქვენი სავიზიტო ბარათი არის თსსუ. წინ გამარჯვებებისკენ, ტრადიციებით მომავლისკენ!“
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული მომენტი იყო ფაკულტეტების საუკეთესო კურსდამთავრებულების მანტიებით შემოსვა. ეს სიმბოლური ჟესტი არა მხოლოდ მათი წარმატების აღიარება, არამედ პროფესიული ღირსებისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოა.
ცერემონია დასრულდა საზეიმო ფიცის დადებით – მომავალი პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულების, თავდადებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვის პირობით. ამის შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში ქუდებით ტრადიციული ქუდების ასროლით კურსდამთავრებულებმა სიმბოლურად აღნიშნეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით. თსსუ ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და წარმატების სურვილით აცილებს მათ მომავალ პროფესიულ გზაზე – გზაზე, რომელიც ადამიანების დახმარებასა და მათზე ზრუნვაზეა აგებული.