თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ლუბლინის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფესორი აგატა ფილიპი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აკადემიური გაცვლის ფაკულტეტური კოორდინატორი; პროფესორი ალექსანდრა შოპა, სადოქტორო სკოლის დეკანის მოადგილე, კლინიკური ფარმაციის ასოცირებული პროფესორი; ევა გლადიში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ოფისის ხელმძღვანელი; მაგდალენა სტაშკევიჩი, ინოვაციური განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტი (MUL).
ლუბლინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრისას პოლონელმა სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი უნივერსიტეტის მისია, ღირებულებები, აკადემიური და კლინიკური სტრუქტურა, ფაკულტეტები, ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, დოქტორანტურის სკოლა და პროგრამები.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები როგორც Erasmus+ პროგრამის, ისე ორმხრივი ინსტიტუციური პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურება და ინტერნაციონალიზაციის პროცესში ჩართულობის კიდევ უფრო გაძლიერება.
ვიზიტის ფარგლებში ლუბლინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს. ასევე შეხვდნენ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორს ეკა ეკალაძეს. შეხვედრის დროს სტუმრები გაეცნენ პროგრამის სტრუქტურას, სწავლების მეთოდებსა და გამოცდილებას.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსეთსა და ლუბლინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მტკიცე და მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებზეა დაფუძნებული და წარმატებით განხორციელებული არაერთი ერთობლივი პროექტით არის გამყარებული.